22 მეტრი სიმაღლის მინარეთი სოფელ ჭელაში მეჩეთის გვერდით დადგეს
22 მეტრი სიმაღლის მინარეთი და მის გარშემო გაჩენილი გაურკვევლობა–ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთის გვერდით ისლამის მიმდევრებმა მინარეთი დადგეს. დასახლების მუსლიმი მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ქმედებით ისინი ქრისტიანი მეზობლების უფლებებს არ შეზღუდავენ, რადგან ამ ადგილიდან არც მოლა დაიწყებს მორწმუნეთა ლოცვისკენ მოწოდებას და არც ხმის გამაძლიერებლებით შეწუხდება ვინმე. 22 მეტრი სიგრძის მინარეთი საქართველოში თურქეთიდან შემოიტანეს. ჭელის მუსლიმი მაცხოვრებლები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საქართველოში მისი დამზადება არ მოხერხდებოდა. კითხვაზე გამოიწვევს თუ არა ეს ფაქტი დაპირისპირებას ორი სარწმუნოების ადამიანებს შორის, ადგილობრივები გამორიცხავენ, რადგან ქრისტიანებთან ერთად ისინი უკვე წლებია ცხოვრობენ, თუმცა რაიმე სახის შელაპარაკება მათ შორის არასოდეს მომხდარა. ადგილობრივი მართლმადიდებლები კი, კითხვაზე – არის თუ არა რელიგიურ ნიადაგზე მათსა და ისლამის მიმდევრებს შორის დაპირისპირება, პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ. ფიქრობენ, რომ ეს თემა საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. სოფელ ჭელაში მინარეთის დადგმას უკანონოს უწოდებს ადიგენის მუნციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი. ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის გამო მან საპარლამენტო საქმიანობა ცოტახნით დატოვა და ადიგენში დაბრუნდა. დეპუტატი აცხადებს, რომ ჭელის მუსლიმმა მაცხოვრებლებმა მინარეთი ხელისუფლების ნებართვის გარეშე დადგეს. მათ მინარეთის დადგმის ნებართვის მოთხოვნით არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არც ადგილობრიოვი თვითმმართველობისათვის არ მიუმართავთ. იმისათვის, რომ ქრისტიანი მოსახლეობის უფლებები არ შეიზღუდოს და მინარეთმა დაპირისპირება არ გამოიწვიოს მაჟორიტარი დეპუტატი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს, ტარიელ ნაკაიძეს შეხვდა. იმას, რომ მინარეთის დადგმისას თანხმობა არავისგან მიუღიათ, ჭელაში მცხოვრები ისლამის მიმდევრები არ უარყოფენ. თუმცა ფიქრობენ, რომ კულტურის სამიანისტრო მათ თანხმობას არ მისცემდა, რადგან კანონი, რომლითაც საქართველოში მეჩეთი დაპროექტდება არ არსებობს. მათ თქმით, მინარეთის დადგმით არაფერი შეიცვლება და სოფელში არსებულ მუსლიმურ მეჩეთს იგი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას შესძენს. ადიგენის მუნციპალიტეტის სოფელ ჭელაში დაახლოებით 42 ოჯახი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა ისლამის მიმდევარია, დაახლოებით 12 ოჯახი კი ქრისტიანი. 2006 წლიდან აქ ისლამის მიმდევრებმა საცხოვრებელი სახლი მეჩეთად გადააკეთეს, სადაც ლოცვები ტარდება. ადგილობრივების თქმით, უკვე რამდენიმე ათეული წელია ორი სარწმუნოების აღმსარებლები ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ, დაპირისპირების დაწყება კი დასახლების გარეთ არსებული ძალების ინტერესებში შედის.
| : 0.0/0