26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
 
საქართველოს დამოუკიდებლობიდან 21 წელი გავიდა. ისევე როგორც ყველა ქალაქში კულტურულ–სპორტული ღონისძიებები 26 მაისს ახალციხეშიც გაიმართა. საზეიმო განწყობა ქალაქში დილიდან იგრძნობოდა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ტრადიციული ღონისძიება მძლეოსნების გარბენით გაიხსნა, რომლებმაც სტარტი ქალაქის ცენტრიდან, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს სირბილში გამარჯვებულებს წარმატებული სვლა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ხატვა, კრივი, ჭიდაობა და მკლავჭიდი, ღონისძიებების მონაწილეებმა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის წინ გადაინაცვლეს. აქ სპორტის ხვადასხვა სახეობებში შეჯიბრი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისათვის ასფალტზე პატრიოტულ და მშვიდობის თემაზე სხვადასხვა სურათები დახატეს, აქვე ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ამავე სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში საღამოს კონცერტით დასრულდა. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ახალციხელების წინაშე ადგილობრივი ანსამბლები და მუსიკალური შემსრულებლები წარსდგნენ. ქართული ხალხური ცეკვები, ფოლკლორული და თანამედროვე სიმღერები და სამეჯლისო ცეკვები ერთმანეთს ცვლიდა. ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. ზეიმისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ლარი დაიხარჯა. 
| : 0.0/0