ადგილობრივი ფერმერები რუსეთის ბაზრის გახსნას იმედით ელოდებიან

რუსეთის ბაზრის გახსნას ადგილობრივი ფერმერები იმედით ელოდებიან. გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეცვლის. ნაწილს კი მიაჩნია, რომ საქართველო–რუსეთის ურთიერთობა მეგობრული ვერასოდეს იქნება. მკრტიჩ ეთნოსიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში ცხოვრობს. მისი ოჯახის ერთერთი ძირითადი შემოსავალი მეხილეობა. სარდაფში სპეციალურ ტემპერატურაზე 5 ტონა ვაშლს ინახავს. თუმცა ვერ ასაღებს დაბალი ფასის და მოთხოვნის გამო. ხეხილის ადგილობრივი ჯიშის „კეხურას" გასაყიდი ფასი საქართველოს ბაზრებზე 50 თეთრს არ აღემატება. „რუსეთში კი ამ დროს ერთ კილოგრამ ვაშლში 5 ლარამდე იხდიან" – ირწმუნება მკრტიჩ ეთნოსიანი.

რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას მკრტიჩ ეთნოსიანის მსგავსად ვალის მკვიდრების უმრავლესობა დადებითად უყურებს. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ თუკი მეზობელი ქვეყნის ბაზარზე ქართული პროდუქცია გავა, მათ შესაძლებლობა მიეცემათ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზება დიდი ოდენობით მოახდინონ. ფერმერები ირწმუნებიან, რომ რუსეთში ხილ–ბოსტნეულის გატანით, მათი ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მაგრამ ადამიანების მცირე ნაწილი საქართველო–რუსეთის ურთიერთობას ეჭვის თვალით უყურებს. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანასთან, რომელმაც წლების წინ საქართველოს ტერიტორიები მიითვისა მეგობრობის დამყარება რთული იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილიმა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ 5 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ღვინის, შემდეგ კი სხვა დანარჩენი პროდუქციის გატანა მოხდება. ფერმერები პრემიერის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ სანამ ჯერი ხილ–ბოსტნეულზე მიდგება, მათი პროდუქტი საკვებად უვარგისი გახდება.

| : 0.0/0