ადიგენში სტიქიის შედეგები უკვე ცნობილია
 ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა უკვე დათვლილია. დასეტყვილი და განადგურებული სასოფლო–სამეურნეო კულტურების ღირებულებამ 80 ათასი ლარი შეადგინა. 2 ივლისის სტიქიის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელმაც განადგურებული მოსავლის ღირებულება შეისწავლა. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ რომელიც ადიგენში 20 წუთის მანძილზე გრძელდებოდა მუნიციპალიტეტის 7 სოფელი და დაბა ადიგენი დააზიანა. ლელოვანში ზარალის რაოდენობამ 20 ათასი ლარი, კახარეთში –12 ათასი, სამყურში 9 ათასი, ღორძეში 8, წრეში 14 ათასი, იმერთუბანში 12 ათასი, ზაზალოში 3 და დაბა ადიგენში 2 ათასი ლარი შეადგინა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის შედეგებს რეაგირებისათვის ზემდგომ ორგანოებს ხვალ გადაუგზავნის.
| : 0.0/0