აგარის საბავშვო ბაღის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ
აგარის საბავშვო ბაღის ეზოში ამ წუთებში ხმაურია. ბაღის ყოფილი და მოქმედი პედაგოგები 5 თანამშრომლის გათავისუფლებასა და ახალი აღმზრდელების დანიშვნას აპროტესტებენ. ხმაური აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სააღმზრდელო დაწესებულებაში ახალი თანამშრომელი ეთერი გულიაშვილი მივიდა. აქციის მონაწილეები მისგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ დაინიშნა იგი აღნიშნულ თანამდებობაზე.

„ლელა ოქრომელიძემ დამირეკა ბაღში მიდი და მეც მალე მოვალო. რატომ უნდა მოვსულიყავი არ ვიცოდი. მერე გავარკვიე რომ მეორე სმენის აღმზრდელად დავინიშნე. სხვა არაფერი ვიცი“ – აცხადებს ეთერი გულიაშვილი.

აქცია აგარის საბავშვო ბაღის ეზოში დილიდან მიმდინარეონს. ბაღის თანამშრომლები 5 პედაგოგის გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაინიშნენ. მათი გათავისუფლება და დანიშვნა კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა უზრუნველყო. თანამშრომელთა თქმით, პედაგოგებისთვის გათავისუფლების მიზეზი ლელა ოქრომელიძეს ამ დრომდე არ აუხსნია.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მომდევნო დღეებში სასწავლო პროცესს ჩაშლიან.
| : 0.0/0