აგარისა და საყუნეთის მოსახლეობამ მტკვარში მკვდარი ღორები იპოვა
 საყუნეთისა და აგარის მაცხოვრებლებმა მდინარეში მკვდარი ღორები 10 თებერვალს საღამოს შენიშნეს, რის შესახებაც თემის გაერთიანების რწმუნებულს აცნობეს, მან კი თავის მხრივ საკითხი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომაზე დააყენა. მკვდარი პირუტყვის მდინარიდან გამოტანა, მხოლოდ დღეს შუადღისით მოხერხდა. როგორც მოსახლეობა ამნობს, სოფელში ღორების დაცემის ფაქტები არ დაფიქსირებულა. ადგილობრივებმა არც იმის შესახებ იციან, თუ საიდან გაჩნდა მტკვარში დახოცილი პირუტყვი. საყუნეთში ყვებიან, რომ ღორების დაავადება სოფელში 5 წლის წინ იყო, მას შემდეგ კი მათ შინაური პირუტყვი აღარ დახოციათ. გლეხების ნაწილმა დაავადების თავიდან ასაცილებლად ღორები უკვე აცრა. ადგილობრივი მოსახლეობა ვეტერინარულ პრობლემებზე საუბრობს, სოფელში მიაჩნიათ, რომ ამ საკითხს სახელმწიფომ და სპეციალურმა სამსახურებმა განსაკუთრებით უნდა მიხედონ, რათა გლეხი არ დაზარალდეს და პრობლემაც დროულად გამოსწორდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ სამსახურში ირწმუნებიან, რომ რეგიონში დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება აგარისა და საყუნეთის ხიდთან მდინარეში ნანახ მკვდარ ღორებს მათზე გამოკვლევის ჩატარება ვეღარ მოხერხდა, რადგან პირუტყვი ექსპერტიზისათვის უვარგისი იყო.
| : 0.0/0