ახალციხე 30 ივნისისათვის ემზადება

რაბათის ტერიტორიაზე რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. სადღესასწაულო კულტურული ღონისძიებები კი საღამოს 18 საათიდან დაიწყება. მასში მონაწილეობას მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფული ანსამბლები მიიღებენ. გარდა ამისა, გაიმართება ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო, სადაც ცნობილ კომპოზიციებს, ქართული ესტრადის პოპულარული მუსიკოსები შეასრულებენ. 30 ივნისის დღესასწაულზე სამ პიროვნებას საპატიო ახალციხელის წოდება მიენიჭება. ვაჟა აზარაშვილსა და თემურ ყვითელაშვილს, რომლებიც წარმოშობით ახალციხიდან არიან, და რეჟისორ თემურ ჩხეიძეს, რომლის მონაწილეობითაც ქართული მხატრული ფილმი ,,მშობლიურო ჩემო მიწავ ანუ რაიკომის მდივანი" ახალციხეშია გადაღებული. ეროვნული გმირის, შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახალხო დღესასწაული ,,ახალციხობა", რაბათის ტერიტორიაზე საღამოს, 9 საათისათვის, ფეიერვერკით დასრულდება. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ადგილობრივი თვითმმარველობიდან დაახლოებით 19 000 ლარი გამოიყო. 


| : 0.0/0