ახალციხეში მალე ოთხი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება
თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალიტეტებად დაყოფილი ტერიტორია – სამთავრობო გადაწყვეტილების მიხედვით, ახალციხეში, შესაძლოა, მალე ოთხი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდეს. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ახალ კანონს ეჭვის თვალით უყურებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. სამოქალაქო სექტორი კი თვლის, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება თვითმმართველობის რეფორმას აზრს უკარგავს. თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ ახალციხის მუნიცპალიტეტის ტერიტორია რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყოფა. კერძოდ აწყურის, ვალის, წყრუთისა და ურავლის, რომლის შემადგენლობაშიც მიმდებარე სოფლები შევლენ. ქალაქ ახალციხეს კი ივლიტის დასახლება, საფარის სამონასტრო კომპლექსი და სოფლები: ღრელი მინაძე და ჭაჭარაქი შეუერთდება. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ცენტრალური ხელისუფლებიდან დირექტივები უკვე მიიღეს, რომ პროცესი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დასრულდეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის დეტალები სოფლის მოსახლეობასთან მსჯელობის შემდეგ გადაწყდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებენ. ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნებამდე, პროცესის დასრულება ვერ მოხდება. საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი მიიჩნევს, რომ კონსულტაციების პარალელურად საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადება უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა მუნიციპალიტეტში მსგავსი არაფერი ხდება. ,,ხელისუფლების ინიციატივა თვითმმართველობის რეფორმას აზრს უკარგავს",- ასე გამოეხმაურა საკითხზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის ნაწილი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯერ მხოლოდ ინიციატივას წარმოადგენდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ახალი კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ცენტრები გეოგრაფიულად და ინფრასტრუქტურულად დაკავშირებულ ტერიტორიებზე ვერ შეიქმნება. სამთავრობო გადაწყვეტილების მიხედვით ტერიტორიული ოპტიმიზაცია 7 საპილოტე მუნიციპალიტეტში – ახალციხეში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორში, მცხეთაში, თელავსა და ამბლორაულში განხორციელდება. ახალი კანონი მიზნად თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნას ისახავს.
| : 0.0/0