ახალციხის მერმა სამოქალაქო საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა
ახალციხის მერმა სამოქალაქო საზოგადოებას მუშაობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კითხვები ძირითადად გზების, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასა და სკვერების ხარისხიან მოპირკეთებაზე ჰქონდათ.

შეხვედრას შშმ პირთა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათთვის ერთ–ერთ მთავარ პრობლემას ქალაქში გადაადგილება წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყველა ყველასათვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალ ადაპტირებულ გადასასვლელებს დასრულებული სახე არ აქვთ. გიორგი კოპაძე მათ საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრაზე ახალციხის მერმა ისიც განაცხადა, რომ მოხდება ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, დამონტაჟდება ტრენაჟორები, გაკეთდება აუზები და მოყვარულებს თევზაობის საშუალება მიეცემათ. გიორგი კოპაძის მტკიცებით ქალაქში სკვერების რეაბილიტაცია, ხოლო ცენტრალურ პარკში ხეების დარგვა იგეგმება.

ახალციხეში, ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული განვითარების ფონდიდან ორი მილიონ ოთხას ოცდაათი ათასი ლარით ფინანსდება, ხოლო ქალაქის ბიუჯეტიდან სამუშაოების შესასრულებლად მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ცენტრალური ხელისუფლება კი წყალსაკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად, ორი მილიონ სამასი ათას ლარს დახარჯავს.
| : 0.0/0