ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. საკრებულოს რიგით მეთორმეტე სხდომაზე, თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მთავარი ფინანსური დოკუმენტი კიდევ ერთხელ განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, თუმცა მათ ისიც აღნიშნეს, რომ ბიუჯეტი იანვრის თვეში კიდევ გადაიხედება და შესწორებები შევა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო, თვეზე მეტია განიხილავს, თუმცა თავმჯდომარეს და დეპუტატებს, შენიშვნები მაინც აქვთ. ოლეგ სანდროშვილის თქმით, ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ ის თანხები იყო გაწერილი რაც უკვე დათვლილია, თუმცა ის შემოსავლევბი არ არის ნახსენები, რაც მუნიციპალიტეტს დამატებით სარგებელს მოუტანს. საკრებულოს თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს მოსთხოვა, ახლად გახსნილი ქვესადგური „ახალციხის“ ტერიტორია შეისწავლონ და გაარკვიონ, ეკკუთვნის თუ არა ადგილობრივ ბიუჯეტს მისგან შემოსავალი. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი ბუნდოვანია მაკა სუდაძისთვის. საკრებულოში არსებული ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ერთად–ერთი იყო ვინც ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის წევრი ამბობს, რომ ფინანსური დოკუმენტის განხილვისას მას შენიშვნები ჰქონდა და მისი გამოსწორების პირობაც მიიღო, თუმცა არ შესრულდა. სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით, საკრებულოს სხდომაზე დროებითი კომისია შეიქმნა, რომელიც ჩაატარებს მონიტორინგს და იმ ადამიანების მდგომარეობას შეისწავლის, ვისაც ჯანმრთელობის მხრივ დახმარება ესაჭიროება, შემდეგ კი აღნიშნულს საკრებულოში განიხილავენ, კომისია ხუთი დეპუტატით დაკომლექტდა. ბიუჯეტის გარდა, ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ დადგენილება „ახლციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის“ დაფუძნების თაობაზეც მიიღო, რომელის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება. 26 დეპუტატიდან საკრებულოს სხდომას 19 მათგანი ესწრებოდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 280 ათასი ლარს შეადგენს.
| : 0.0/0