ახალციხის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა კვლავ მუნიციპალიტეტის კუთვნილებაშია
რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ახალციხის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა კვლავ მუნიციპალიტეტის კუთვნილებაშია. ამის შესახებ ოფიციალური პასუხი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს მიიღეს. შპს ,,ქროსვეისმა" ყოფილი ადმინისტრაციული შენობა 2012 წლის 14 ივლისს შეიძინა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ორგანიზაციას იგი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით, ,,ქროსვეისს" გასული წლის დეკემბრის თვემდე ადგილობრივ ბიუჯეტში 200 ათასი, ხოლო მიმდინარე წლის ივლისამდე 300 ათასი ლარი უნდა ჩაერიცხა. აღნიშნულ შენობაში ორგანიზაცია კაზინოსა და სასტუმროს განთავსებას აპირებდა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ შპს ქროსვერისმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, რის გამოც საკრებულომ შენობის უკან დაბრუნება მოითხოვა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პირველი პირების გადაწყვეტილებით ყოფილი ადმინისტრაციული შენობაში კულტურული დაწესებულება გახდება.მათი თქმით, თოჯინების თეატრი, ჭადრაკის, სამუსიკო და სამხატვრო სკოლა, კულტურის სახლში შემავალი სხვადასხვა წრეები, აქ ერთმანეთის გვერდით განთავსდება და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სასურველი განათლება მიიღონ. აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ შენობები სადაც ამჟამად იმყოფებიან ყველა ძველია და რესტავრაციას საჭიროებს, ამიტომ საკრებულკს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია.
| : 0.0/0