ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 18 სპეციალისტი გაათავისუფლეს
უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ შტატების შემცირება უსაფუძვლოდ მოხდა, რადგან მათი ფუნქციონირებისათვის საკმარისი რესურსები მუნიციპალიტეტს გააჩნია. კითხვაზე მოხდა თუ არა მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით, ისინი პასუხისაგან თავს იკავებენ.  გამგეობის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ აღნიშნულის გასაჩივრებას სასამართლოში არ აპირებენ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ რეორგანიზაცია ფინანსური პროლემების გამო მოხდა და მას სხვა საფუძველი არ ქონია. გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის თქმით შტატების შემცირება მუნიციპალიტეტში  ჯერ კიდევ ივლისის თვეში დაიგეგმა, თუმცა არჩევნების გამო მისი განხორციელება გადაიდო.  პაპაშვილი ამბობს, რომ  18 თანამშრომლის გარდა, გამგეობიდან კიდევ ორი სპეციალისტი გათავისუფლდება, რომლებიც ამ ეტაპზე  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მკურნალობის კურსს გადიან. ბოლო პერიოდში, თანამშრომელთა მასიურ გათავისუფლებას  დაბის მაცხოვრებლებიც აფასებენ. მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს, ნაწილს კი  მიაჩნია, რომ თანამშრომელთა ასეთი მასშტაბური რეორგანიზაცია არასწორია. მათი აზრით,  მუნიციპალიტეტი ისედაც, უმუშევრობის პრობლემის წინაშე დგას და დაუსაქმებელთა რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს. ასპინძელები არც იმას გამორიცხავენ, რომ შემცირებები პოლიტიკური  ნიშნით მოხდა, რადგან მათი თქმით ამ დრომდე  გამგეობაში სხვადსხვა თანამდებობები, ისევ ყოფილი ხელისუფლების კადრებს ეკავათ.   ასპინძის მუნიციპალიტეტის პირველი პირების თქმით, ამ ეტაპზე ყველა პოსტს  მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები იკავებენ და ისინი  თანამდებობებზე კონკურსის წესით დამტკიცდებიან, რომლის გამოცხადებაც ბოლო სამი თვის განმავლობაში იგეგმება.
| : 0.0/0