დავით გამყრელიძე ახალქალაქსა და ნინოწმინდას ესტუმრა
„ახალი მემარჯვენეების" შეხვედრა ახალქალაქში დღეს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. დავით გამყრელიძე ზრდასრულთა განათლების ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. პარტიის ლიდერმა არჩევნების პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობასა და უფლებებზე ისაუბრა და ახალი მემარჯვენეების პროგრამა გააცნო. დავით გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ მუნიციპალიტეტს პოლიტიკოსები იშვიათად სტუმრობენ. რაც, მისი აზრით, გამოსასწორებელია, რადგან ყველაზე მეტად ენობრივი ბარიერი, სწორედ ქვეყნის ამ ნაწილშია დასაძლევი. ახალქალაქიდან ახალგაზრდები სასწავლებლად ერევანში მიდიან, ეს კი ქვეყანაზე უარყოფითად აისახება. დავით გამყრელიძე ახალქალაქის შემდეგ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. მისი განმარტებით, აქ უმთავრეს პრობლემას სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია წარმოადგენს. „ახალი მემარჯვენეების" ლიდერები ფართომასშტაბიანი კამპანიის „ქართული სოფლისათვის" ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 900–ზე მეტ სოფელში ჩავიდნენ. სამცხე–ჯავახეთი პარტიის წარმომადგენლებმა დღეს დატოვეს, თუმცა როგორც ამბობენ ისინი რეგიონში სტუმრობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.

| : 0.0/0