დოკუმენტური ფილმის „ინტერნეტ დამოკიდებულება” ჩვენება და დისკუსია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

11 ივლისს ხუთშაბათს 16:00 სთ-ზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის და ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტური ფილმის "ინტერნეტ დამოკიდებულება” ჩვენება და დისკუსია. 

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები, სამოქალაქო და ლიდერთა კლუბის წევრები და მედია.

შეიძლება ბევრი ადამიანი არ აღიარებდეს, მაგრამ კომპიუტერზე დამოკიდებულება დღესდღეობით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში საგრძნობლად მძიმდება. ყოველივე აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ კომპიუტერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ობიექტად იქცა, როგორც საქმიანი, ასევე საკომუნიკაციო მნიშვნელობით. კომპიუტერ-დამოკიდებულები ხდებიან ბავშვები, მოზარდები და ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ვირტუალური სამყაროს გარემოცვაში იმყოფებიან.

უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერნეტ სივრცეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია, იგი ინფორმაციის გავრცელების უსწრაფესი საშუალებაა. სოციალური ქსელებით კონტაქტის დამყარება ძალზედ მარტივია, შესაძლებელია რამოდენიმე ადამიანს ერთდროულად ვესაუბროთ. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა და არაფერ განსაკუთრებულს ვაკეთებთ, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ ვინმემ აგიკრძალოთ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ინტერნეტის და ზოგადად კომპიუტერის მოხმარება. ზოგიერთს შეიძლება გაუცხოება, შიში და, უარეს შემთხვევაში დეპრესია დაემართოს, სწორედ ეს არის, რომ ადამიანი თავისდაუნებურად ზეგავლენის ქვეშ ექცევა, მისი ორგანიზმი და გონება გაუცნობიერებლად ითხოვს „საკვების მიღებას” ინტერნეტისა და სოციალური ქსელების სახით. თითოეული ჩვენგანი რაღაც დოზით დამოკიდებულნი ვართ მათზე, თუმცა 21-ე საუკუნეში სხვაგავრად ცხოვრება წარმოუდგენელია, ინტერნეტ სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ესა თუ ის ინფორმაცია გავრცელდეს უსწრაფესად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მთავარი პრობლემაა, ისაა, რომ უნდა ვისწავლოთ დროის კონტროლი, თუ რამდენი საათი დავუთმოთ დღეში ინტერნეტს და ვეძებოთ მხოლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ ეს ასე იქნება, მაშინ ის პრობლემები, რომლებიც თითქმის ყველა ქვეყანას აწუხებს მეტ-ნაკლებად მოგვარებული იქნება, აღარ დაიტანჯება უამრავი ადამიანი სიმარტოვის გრძნობით, გაუცხოვებით, ურთიერთობების ნაკლებობით. იმ ხალხს, რომლebიც დღის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან და ინტერნეტში ატარებს, ადრე თუ გვიან აუცილებლად შეექმნება მენტალური პრობლემები, რომელთა მოგვარება რაც დრო გავა უფროდაუფრო გართულდება აღნიშნა akhaltskha.net-ის მთავარმა რედაქტორმა და ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა ედუარდ აივაზიანმა.

ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ნანული ჰაკობიანის თქმით: „განსაკუთებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ბავშვებთან, ვაკონტროლოთ ისინი და არ მივცეთ იმის საშუალება, რომ თავისუფალი დროის დიდი ნაწილი ინტერნეტში ყოფნით დახარჯონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოწყდებიან რეალურ ცხოვრებას, გახდებიან ჩაკეტილები, დაუზიანდებათ ნერვული სისტემა. თუ მათ ეს პრობლემა ბავშვობიდანვე გაუჩნდებათ მისი მოგვერება დროთა განმავლობაში გართულდება და შეიძლება გამოუსწორებელ შედეგამდეც მივიდეთ. ის ეფექტი რასაც გაუცხვოება იწვევს, ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის, მას არ აქვს ურთიერთობა გარშემომყოფებთან, ჩაკეტილია საკუთარ თავში, ცდილობს ყოველთვის მარტო იყოს, აღარ ესმის ახლობლებისა და მეგობრების, ჰგონია რომ ირგვლივ ყველაფერი უაზრობაა და ერთადერთი რამ რაც ასეთ ადამიანს აბედნიერებს კომპიუტერია".

სოციალურ ქსელებს უზარმაზარი გავლენა აქვს ადამიანების ფსიქიკაზე. ეს გავლენა საკმაოდ კომპლექსურია და შეგვიძლია მოვახდინოთ დიფერენცირება. დადებით მხარეებში უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში დამხმარის როლს თამაშობს ინდივიდის სოციალიზაციაში, თვითპატივისცემის ამაღლებაში. მაგრამ ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ხშირად იწვევს ბავშვების და არამარტო ბავშვების ჩაკეტვას ირეალურ სამყაროში, არავერბალური კომუნიკაციების დაქვეითებას განსაკუთრებით მცირეწლოვან მომხმარებელში. ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადიდან გამომდინარე, ქსელის წევრი მთლიანად ვერ აკონტროლებს სხვადასხვა წყაროების მიერ გაზიარებულ სიახლეებს. ხშირად იქმნება ილუზია ახალი მეგობრების გაჩენისა, როდესაც რეალურად ეს ურთიერთობები მულტიკონტაქტურ რეჟიმში მიმდინარეობს და არ ხმარდება საკმარისი დრო ინდივიდუალურ გაცნობას. მომხმარებელი სოციალურ ქსელს ორი ძირითადი მისწრაფების გამო მიმართავს, ესენია: თვითპრეზენტაცია და მიკუთვნებულობა, რომლებიც ერთგვარ სოციალურ საკვებს წარმოადგენენ მომხმარებელთათვის აღნიშნა ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა რაფაელ კობალიანმა.
| : 0.0/0