ძლიერმა ქარმა ახალციხეში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა, ახალციხეში კორტავას ქუჩის 184–ნომერში მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელ სახლს, სახურავის ნაწილი გადახადა. შემთხვევა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქარმა გადასახური მასალა ეზოში გადაყარა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“არ იყო კარგად გაკეთებული, ქარი შევარდა და ახადა. ფული შეჭამეს და მორჩა, გათავდა. მაგენი უნდა ჩამოახრჩო ყველა” – აცხადებს კოსტავას ქუჩის მაცხოვრებელი ჯუმბერ ყურაშვილი.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დარჩენილი სახურავის გამაგრებით სამუშაოებს ასრულებენ. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიციაც.

დაზიანებული კორპუსი მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმაც.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მოვალეობის დროებით შემსრულებელი, მალხაზ ჟუჟუნაძე აცხადებს, რომ საგარანტიო ხელშეკრულებას 2 წლის ვადა ჰქონდა, შესაბამისად, გადახდილი სახურავი იმ ინდივიდუალურმა მეწარმემ უნდა შეაკეთოს, რომელმაც სამუშაოები განახორციელა.

აღნიშნული საცხოვრებელი სახლი 2012 წლის სექტემბრის თვეში, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში გადაიხურა. სამუშაოები ინდმეწარმე რუსუდან ბალახაშვილმა შეასრულა, ხოლო საქმის მწარმოებელი მარდუნ საპონჯიანი იყო.
| : 0.0/0