ინტერვიუ ჰოვჰანნეს მანუკიანთან
„საქართველოს სომეხთა სათვისტომო"-ს საინფორმაციო ცენტრ „მიუთიუნ"-ის კითხვებზე პასუხობს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰოვჰანნეს მანუკიანი.



სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან 22 წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით ამ 22 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს? ურთიერთობების რა სფეროებში აღინიშნება ყველაზე დადებითი მაჩვენებლები, რომლებში– სირთულეები, და რით არის განპირობებული ამ სირთულეების არსებობა?

- როდესაც განვიხილავთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ურთიერთობებს არასოდეს გადაუხვევია კეთილმეზობლური და ურთიერთთანამშრომლობის გზიდან.

ჩვენს ურთიერთობებიში პრიორიტეტი ეკონომიკურ თანამშრომლობას მიენიჭა. თანამშრომლობის ტრადიციული სფეროებია ასევე ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სოფლის პროდუქტის მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება, სამთო წარმოება. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად ვითარდება ტურიზმის სფერო.

რაც შეეხება სირთულეებს, მათ გადასაწყვეტად მუშაობაა საჭირო. ჩვენს ქვეყნებს შორის არ არსებობს ისეთი საკითხები, რომლის გადაჭრაც შეუძლებელი იქნებოდა. ჯერ–ჯერობით არსებობს მოუგვარებელი საკითხები. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ სომხურ–ქართული საზღვრის დელიმიტაციაზე ვმუშაობთ, ქართველ კოლეგებთან ერთად ვცდილობთ საქართველოში არსებული სომხური სასულიერო და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხი გადავწყვიტოთ, იმაზე, რომ სომხური ტაძრები სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და ჩვენს თანამემამულეებს დაუბრუნდეს და ბევრი სხვა მიმართულებითაც ვმუშაობთ.

ცნობილია, რომ დიპლომატიური მისიების ძირითადი ფუნქცია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა და განვითარებაა კონკრეტულ სახელმწიფოში. რომელია სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული ინტერესები საქართველოში?

- სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებაა. საქართველოს ამ პოლიტიკაში აქვს ღერძის მნიშვნელობა. საქართველოს რესპუბლიკა, როგორც ჩვენთვის მეგობარი და სანდო პარტნიორი სახელმწიფო, მთელი რიგი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი– ეკონომიკური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, ასევე კულტურული. ამ რეგიონში ჩვენი ქვეყნები ერთიანი ქრისტიანული ფასეულობების მატარებლები არიან და ეს რა თქმა უნდა ჩვენი განუყოფელი მეგობრობის საიმედო საძირკველი–ფუნდამენტია.

სომხეთის რესპუბლიკისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული სომხური სათვისტომოს სოციალ–ეკონომიკური და სულიერ–კულტურული უფლებებისა და თავისუფლებების სრული განხორციელება და ეს საკითხები ჩვენი დღის წესრიგის მუდმივ საკითხთაგანია.

როგორ შეგიძლიათ აღწეროთ ქართული პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება სომხეთის რესპუბლიკასთან მრავალმხრივი, სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობის თვალსაზრისით?

მგონია, რომ წინა პასუხებში უკვე გავეცი ამ კითხვაზე პასუხი. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ინტერესთა კონფლიქტების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილსაც ესმის ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის არა უალტერნატივობია.

თქვენი შეფასებით, რამდენად ღრმა გავლენას ახდენს საქართველოზე თურქეთი და აზერბაიჯანი და რომელ სფეროებში გამოიხატება ეს უარყოფითად, ქართულ-სომხური ურთიერთობების ასპექტში?

- ასე თუ ისე, სახელმწიფოებს შორის განვითარებული ურთიერთობები ორხრივი პოლიტიკური გავლენის ფაქტორებს წარმოადგენს. ის, რომ საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის დამკვიდრებულია მჭიდრო თანამშრომლობა, ფაქტია და უხეში შეცდომა იქნება, თუ ამ ფაქტს განვიხილავთ სომხურ-თურქული ან მითუმეტეს სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების რბილად რომ ვთქვათ არამეზობლურ ჭრილში. პირიქით, ის რომ რეგიონში არსებობს ქვეყანა, რომელმაც შეძლო თანაბარი მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხელს უწყობს სტაბილურობის განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაში.

ამავე დროს, მე მიმაჩნია და ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა, რომ ჩვენი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური პოზიციები გამომდინარეობს ჩვენივე საგარეო პოლიტიკური უპირატესობებიდან და არა მესამე ძალების გავლენის შედეგია. იგივე შემიძლია ვთქვა ქათულ-სომხური მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. ბოლო წლების განმავლობაში საგარეო პოლიტიკურმა განვითარებებმა დაამტკიცა, რომ ჩვენ გვძალუძს ამ ჩვენი პოზიციების შენარჩუნება - მიუხედავად იმისა, თუ მესამე ძალები ბედნიერები იქნებიან ამით თუ არა.

ცნობილია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სომხობა უფლებების განხორციელების სფეროში, როგორც ეთნიკური უმცირესობა, აწყდება სირთულეებს. ამავდროულად, რიგი საკითხები (საეკლესიო შენობების კუთვნილება, განათლების სფეროს პრობლემები) დღეს არის სომხეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. თქვენი აზრით, რით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლებების განხორციელებასა და თავისუფლებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გადაინაცვლა საერთაშორისო ურთიერთობების ასპარეზზე და რამდენად არის ეს პროდუქტიული?

- ჯერ დავიწყო იმით, რომ მსოფლიო გადის გლობალიზაციის პერიოდს. ბოლო წლებში ინტენსიურად მიმდინარეობს სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაციის პროცესები. ინტეგრაცია, გულისხმობს სახელმწიფოთაშორისი სტრუქტურებისა და ერთეულების გაერთიანებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ადამიანის უფლებების, უმცირესობათა უფლებების დარგებში ერთიანი სტანდარტებისა და ერთიანი კონტროლის მექანიზმების განმარტებას. ჩვენი ქვეყნების წევრობა ევროსაბჭოში და მომავალი ევროინტეგრაციის პოლიტიკა ამის ნათელი მაგალითა. მე ვთვლი, რომ გასაკვირი და შემთხვევითი არ არის, რომ მრავალი საკითხები, რომლებიც ქვეყნის შიდა საკითხებია, ხდება საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი განხილვისა და მოლაპარაკების საგანი. მითუმეტეს სომხეთი და საქართველო, რომლებიც მეგობარი ქვეყნებია, ორივე ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოებია.

სომხეთი გულგრილად არ არის განწყობილი საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ბედის მიმართ და ჩვენი თანამშრომლობა ამ სფეროში ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად მიმართულია ამ ურთულესი საკითხების ეფექტიანიგადაჭრისკენ.

ხოლო ზოგადად რომ ვთქვათ, კი, ეს საქართველოს შიდა პრობლემაა, მოვალეობა - უზრუნველყოს უმცირესობათა უფლებების ეფექტიანი განხორციელება, განსაკუთრებით საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეების, სინდისის თავისუფლების კონსტიტუციული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი პირობების შექმნა.

ქართული პოლიტიკური ელიტა 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის დაგმობაზე საუბრისას აცხადებს, რომ გენოციდის უარყოფის პოზიცია დაკავშირებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებასთან და სომხეთი გაგებით ეკიდება საქართველოს ამ პოზიციას. ეს მართლა ასეა? სომხეთი გაგებით ეკიდება 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის არაღიარების პოლიტიკას?

- გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ ვიცნობ ქართული მხარის მსგავს ოფიციალურ შეფასებებს ან პოზიციას. ყველა შემთხვევაში, სომხური მხარე არამცთუ გაგებით ეკიდება საქართველოს მხრიდან სომეხთა გენოციდის ოფიცილურად არაღიარების პოზიციას და ფაქტს, არამედ უბრალოდ თვლის, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მსგავსი მოთხოვნა წარვუდგინოთ ან ვუსაყვედუროთ რომელიმე სხვა ქვეყანას ამასთან დაკავშირებით. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების აღიარებისა და დაგმობის საკითხი ამ სუვერენული ქვეყნისა და მისი პოლიტიკური ელიტის უფლებამოსილებაა.

სხვა საკითხია ამის მორალური მხარე.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ჩვენი ქართველი პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ 1915 წლის ტრაგედიის სამართლიანი შეფასება ემსახურება საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო ჯანსაღი, სამართლიანი და ურთიერთნდობაზე დაყრდნობილი გარემოს ჩამოყალიბებას, და არა პირიქით და შეესაბამება საქართველოს გრძელვადიან, სიღრმისეულ პოლიტიკურ ინტერესებს.

სხვათაშორის, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ლეგიტიმურად შეიძლება ჟღერდეს საქართველოს სომეხთა სათვისტომოს, საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეთა ხმა. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მან გამოაცხადა სიტყვისა და შეხედულებების თავისუფლების გარანტის შესახებ და თქვენ ფლობთ ქმედებებისა და პასუხისმგებლობის სფეროს.
| : 0.0/0