ჯავახეთის სომხები ქვეყნის ევროინტეგრაციას მიესალმებიან
27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც ევროპული სტრუქტურების წინაშე ქართული სახელმწიფოს ცხოვრების ყველა ძირითად სფეროში რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო. ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს -პოლიტიკური თანამშრომლობა, დარგობრივი თანამშრომლობა და თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში თანამშრომლობა.

ასოციირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილი რეფორმების გატარებას შემდეგ სფეროებში გულისხმობს: ევროპული ფასეულობების დაცვა და გაძლიერება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მშვიდობიანი გზით კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების გატარების მიმართულებით თანამშრომლობა, რეგიონალური სტაბილურობა და სხვა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან -ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმსხვილესი გაერთიანება -„სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც პატივცემულ მკითხველს უცვლელად წარმოვუდგენთ:

„სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო 27 ივნისს საქართველოს მიერ ხელმოწერილ ევროკავშირთან ასოციირების შესახებ ხელშეკრულებას მიესალმება.
ევროკავშირის სამიტის ფარგლებში, ბრიუსელში ხელმოწერილი ეს ხელშეკრულება ჩვენი სახელმწიფოს წინაშე ახალ პერსპექტივებსა და ევროპის კარებს ხსნის. ამასთან ერთად ცნობილია, რომ ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერისას ჩვენმა სახელმწიფომ -საქართველომ, ქვეყნის ცხოვრების ყველა ძირითად სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაზე აიღო ვალდებულება.

ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ვეკტორის მიმართ ჩვენი საბჭო ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი, რადგან სამცხე-ჯავახეთის სომეხი მოსახლეობისთვის ევროპული ფასეულობები ახლოა და მისაღები. ჩვენს მომავალს ევროპულ ოჯახში ვხედავთ და მოვიაზრებთ, სადაც არანაირი ნიშნით დისკრიმიანცია არ იარსებებს.

სამცხე-ჯავახეთის სომეხი ეროვნების მოსახლეობა ვიმედოვნებთ, რომ ევროპული გზის ერთგული საქართველო, გაითვალისწინებს რეგიონის სომეხი ეროვნების მოქალაქეების წუხილსა და მოთხოვნებს. ყველა ჩვენი მოთხოვნა ევროპულ ნორმებიდან არის აღმოცენებული და ევროპული სამართლის სტანდარტებს ეყრდნობა. ჩვენი მოთხოვნები შემდეგია:

1 სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ რაიონებში სომხური ენის სტატუსის განსაზღვრა. ევროპული სამართლის ნორმების დაცვით რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება;
2 ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაში სამცხე-ჯავახეთის ყველა მსხვილი ქალაქის სრულყოფილი და თანაბარუფლებიანი ჩართვა;
3 საზოგადოებრივ, რელიგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა;
4 საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალოვანი სტრუქტურების უკანონო ჩარევის და მოქალაქეების მიმართ დევნის აღმოფხვრა;
5 საბჭოთა ოკუპაციის დროს ჩამორთმეული საკულტო შენობა-ნაგებობების სამართლებრივ მემკვიდრისთვის დაბრუნება;
6 ქართულ-სომხური უნივერსიტეტის გახსნა;
7 სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ რაიონებში დემოგრაფიული სურათის უკანონო შეცვლის მცდელობების აღმოფხვრა.

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს მოთხოვნები სამართლიანია ვინაიდან ქვეყნის სომეხი მოქალაქეების წუხილსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებებზე ეყრდნობა. ყველა ჩვენი მოთხოვნა ევროპულ სტანდარტებთან და მოქმედ ევროპულ სამართლებრივ ნორმებთან არის უშუალოდ დაკავშირებული. აღნიშნული მოთხოვნების გაზიარება და შესრულება ჩვენი სამშობლოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესთან არის უწყვეტ კავშირში. გვჯერა, რომ სამართლიანი რეფორმების გატარება ჩვენს ქვეყანას რეალურად თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცევს, რაც საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის საწინდარია.“

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის
სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო
30 ივნისი, 2014წ. ქ. ახალქალაქი
| : 0.0/0