ჯავახეთში შესრულდა ეკლესიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალი
ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდ არაგიალში 24 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანისა და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა სოფლის დანგრეული უძველესი „სურბ ხაჩ“ ეკლესიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალი.

დიდი არაგიალი ნინოწმინდის რაიონის ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფელია, რომელთა წინაპრები 1830 წელს გადმოსახლდნენ ერზრუმის პროვინციის სოფელ ბრთუნქიდან. სოფელი მდებარეობს ჯავახეთის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თაფარვან მდინარის მარცხენა ნაპირზე. 1840 წლიდან მოიხსენიება სოფლის ხით ნაშენი ეკლესია, რის შემდეგაც სოფლის მცხოვრებნი თავიანთი სახსრებით აშენებენ „სურბ ხაჩ“ (წმინდა ჯვრის) სახელობის ეკლესიას.

დიდი არაგიალის დანგრეული ეკლესიის ადგილზე აშენდება ბაზილიკური გუმბათოვანი ეკლესია, რომლის მშენებლობისას გამოიყენებენ ძველი ეკლესიის ქვებს.

ეკლესიის ქველმოქმედება იკისრეს წარმოშობით არაგიალელმა, ამჟამად რუსეთის ფედერაციაში დამკვიდრებულმა მეუღლეებმა - არტურ და აიდა ისოიანებმა. არტურ ისოიანი საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის სახელოვანი წევრის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ალბერტ ისოიანის ვაჟია. ღირსეული მამულიშვილს ოცნებებში ყოველთვის ჰქონდა მშობლიური სოფლის ეკლესიის განახლებულად დანახვის სურვილი.

საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ნინოწმინდის რაიონიდან - ჰენზელ მკოიანი, ახალქალაქის რაიონიდან - სამველ პეტროსიანი, ასევე ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკრებულოთა თავმჯდომარეები სმბატ კიურეღიანი და ჰამლეტ მოვსისიანი, ნინოწმინდის რაიონის გამგებელი გაგიკ კარსლიანი და ახალქალაქის რაიონის გამგებელი ედვარდ აღასარიანი. სტუმრები იყვნენ სომხეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან, ასევე რუსეთიდან.

ცერემონიის დასასრულს ხალხს მიართვეს აღნიშნული შემთხვევისათვის ნაკურთხი შესაწირი. საზეიმო ცერემონიის მიმდინარეობის დროს სოფელში გავრცელდა ერთ-ერთ ოჯახში ვაჟის დაბადების ამბავი. სასიხარულო ამბის გაგების შედეგად ცერემონიის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება - ახალშობილი მოინათლოს ახალადაშენებული ეკლესიის კურთხევის დღეს.
| : 0.0/0