კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა

კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. უფლის იერუსალიმში შესვლას მორწმუნეები ისევ ბზის რტოებით მიეგებნენ. ბზობის დღესასწაული კათოლიკე მორწმუნეებმა ახალციხის სამლოცველოში დილაადრიან აღნიშნეს. წინამძღვარმა ღია ცის ქვეშ ბზის რტოები აკურთხა და  შემდეგ მრევლთან ერთად გალობით სამლოცველოში დაბრუნდა. ამით მათ ის პერიოდი  განასახიერეს, როდესაც წმინდა წერილების მიხედვით უფალი იესო ქრისტე იერუსალიმში შევიდა.  კათოლიკური სამყაროს მსგავსად ბზობის დღესასწაული იზეიმა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამაც. წირვის დასრულებისთანავე ბზის კურთხევა მოხდა, რის შემდეგაც რტოები მრევლს დაურიგდა. მორწმუნეებს სჯერათ, უფალი ბზის სახით მათ ოჯახებშიც შებრძანდება. კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები აღდგომის მარხვის ბოლო კვირას ყოველდღიურ წირვებს აღავლენენ. ვნების კვირად წოდებული 6 დღე ორივე მათგანისთვის ერთნაირად მძიმე და მნიშვნელოვანია. კვირის ბოლოს მორწმუნეები უფლის ბრწყინვალე აღდგომას იზეიმებენ.

| : 0.0/0