მეხანძრეებმა პოლონური ორგანიზაციისაგან საჩუქრად ინვენტარი მიიღეს
  მეხანძრის ფორმები,   ბენზოხერხები, წყალსაქაჩები, რაციები,  საწვიმარი ლაბადები და ყველა ის აღჭურვილობა რაც მეხანძრეებს კრიზისულ სიტუაციებში სჭირდებათ დღეს ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის სახანძრო –სამაშველო სამსახურებს  პოლონურმა ორგანიზაციამ ,,კივიტას გეორგიკამ"  გადასცა. მეხანძრეებს ფორმები პოლონელმა კოლეგებმა საჩუქრად გამოუგზავნეს, ხოლო საგანგებო სიტუაციებში პირველადი გამოყენების ტექნიკა იმ პროექტის ფარგლებში იქნა შეძენილი, რომელსაც ,,კივიტას გეორგიკა’  პარტნიორი ორგანიზაციის  პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდთან ერთად ახორციელებს. როგორც მეხანძრეები ამბობენ, ინვენტარი მათ მუშაობას გაუადვილებს და ბუნებრივი  კატასტროფების წინააღმდეგ  ბრძოლაში დაეხმარება. ორგანიზაცია მიმდინარე წლიდან აქტიურად მუშაობს სამცხე–ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში, ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეში. პროექტის ფარგლებში მეხანძრეებმა სპეციალური სწავლებაც გაიარეს, საჭირო ტექნიკა კი   იმ სპეციალური სიების საშულებით  დაურიგდათ,  რომელიც მათ  პირველადი საჭიროებების მიხედვით შეადგინეს. რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურებისათვის ტექნიკის შესაძენად ,,კივიტას გეორგიკამ’ 20 ათასი ლარი  დახარჯა.  ორგანიზაცია საქართველოში მსგავს  პროექტებს  მესამე წელია ახორციელებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და  ყურადღება სხვა სფეროს დაეთმობა.
| Теги: ახალციხე ახალი წლისთვის ემზადება | : 0.0/0