მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დამთავრდა

მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ჩემპიონატი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა. ასევე, ფინანსური მხარდაჭერა გაუწია სააფთიაქო ქსელმა „პეესპემაც“. ფესტივალის დირექტორის განმარტებით, მათი მთავარი მიზანი – ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია – მიღწეულია.
ფინალური მატჩის გარდა მიხეილ იაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, „პეესპესა“ და მესხეთის საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური თამაში შედგა, სადაც გამარჯვება „მესხეთმა“ მოიპოვა. ფესტივალი 4 ივნისს დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ, როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდული გუნდები. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უფრო მასშტაბური სახე მიეცემა.