მტკვრის დაშრობაზე თურქულ–ქართული მხარე იმსჯელებს
მდინარე მტკვრის დონის დაკლებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ თურქული მხრიდან ოფიციალური წერილი მიიღო. დოკუმენტის მიხედვით გადაწყდა, რომ მდინარე მტკვარში წყლის დონის დაკლებაზე საქართველოსა და თურქეთის საგარეო უწყებები იმსჯელებენ.

“თურქული მხარე წუხილს გამოთქვამს და განმარტავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე “ქაიაბეის” კაშხლის შევსება ზამთრის სეზონისათვის, რამაც მტკვარში წყლის დონის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ, თურქულმა კერძო კომპანიამ, დროულად არ აცნობა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რის გამოც დაგვიანდა ქართული მხარის ინფორმირება თურქეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრიდან წყალაღების შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მკაცრად მიუთითა თურქული კერძო კომპანიის პასუხისმგებელ პირებს, დაიცვან შესაბამისი ნორმები წყალაღებასთან დაკავშირებით და მოგვცა პირობა, რომ მომავალში ამგვარი გაუგებრობა აღარ განმეორდება. ხოლო, ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება ნებისმიერი სამუშაოების შესახებ, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მტკვარში წყლის დონეზე. გამომდინარე საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობიდან, ამჟამად მზადდება მემორანდუმი, რომელიც გამორიცხავს მომავალში ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას”, - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, თურქული მხარის ინფორმაციით, წყლის მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე ნორმალურ დონეს დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დაუბრუნდება.

“ამასთან, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მდინარე მტკვარი საქართველოში იმატებს იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე შემოდის თურქეთიდან. შესაბამისად, წყლის დონის დროებითი შემცირება არ იწვევს სერიოზულ რისკებს. მიუხედავად, ამისა, სამინისტრო განუწყვეტლივ აწარმოებს მონიტორინგს და ნებისმიერი ცვლილების შესახებ უმალვე ამცნობს საზოგადოებას”, – აცხადებენ სამინისტროში.

ფაქტთან დაკავშირებით, მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, თურქეთის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრს ეროღლუს წერილი ნოემბრის ბოლოს გაუგზავნა, მას შემდეგ, რაც მედია მდინარის მდგომარეობით დაინტერესდა.
| : 0.0/0