პრეზიდენტმა საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლის კითხვებზე გასცა პასუხი
21 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წერვების შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან. შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი -უჩა ნანუაშვილი, უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი -სოფიო შამანიდი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახალხო დამცველის აპარატის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელსაც შესაძლებლობა მიეცა ქვეყნის პრეზიდენტს სიტყვით მიმართოს.

საქართველოს პრეზიდენტმა ზოგ კითხვას პასუხი გასცა, ზოგზე კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. თუმცა, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ეს კითხვები საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კედლებში გაჟღერდა, რაც რამდენიმე წლის წინ -წარმოუდგენელიც კი იყო...

პატივცემულ მკითხველს 21 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული იმ დიალოგის სტენოგრამას წარმოგიდგენთ, რომელიც „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს წარმომადგენლისა და საქართველოს პრეზიდენტს შორის წარიმართა.
სათვისტომოს წარმომადგენელი: „ბატონო პრეზიდენტო, მსურს ასევე იმ პრობლემის შესახებ ვისაუბრო, რაც საქართველოს ყოფილი მოქალაქეების მიერ ქვეყნის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს უკავშირდება.

მინდა შეგახსენოთ, რომ ის მოქალაქეები, ვინც დღეს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას უშედეგოდ ცდილობენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე არა თავისი ნებითა და სურვილით მიმართეს, არამედ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად გადადგეს ეს ნაბიჯი. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს, სხვა რეგიონებთან შედარებით, წლების განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცეოდათ, რაც თავის მხრივ, ამ რეგიონებში სოციალური შინაარსის უამრავი პრობლემა შექმნა.

გთხოვთ ისარგებლოთ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და რამდენიც არ უნდა იყვნენ მოქალაქეობის აღდგენის მსურველები -100, 1000 თუ 10 000, კვლავ დაუბრუნოთ მათ საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს პრეზიდენტი: ამ ადამიანებს ორმაგი მოქალაქეობა თუ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა უნდათ?
სათვისტომოს წარმომადგენელი: იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც დღეს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მიმართა სახელმწიფოს და მიიღო უარი -წლის უმეტესს ნაწილს საქართველოში, საკუთარ სახლებში ატარებს. მეტიც, ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები, რომლის წევრთა აბსოლუტური ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მათ სრული უფლება აქვთ მოიპოვონ ქვეყნის მოქალაქეობა -პასუხად მათ მოსდის უარი.

ჩვენთვის ბევრი შემთხვევა არის ცნობილი, როდესაც ადამიანი მიმართა მოქალაქეობის აღსადგენად და პასუხად მოსდიოდა უარი, შემდეგი განმარტებით - „მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“.

გვსურს კითხვით მოგმართოთ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეს -ქვეყნის ყოფილი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება -მართლაც საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის?

საქართველოს პრეზიდენტი: გიპასუხებთ -არა! მე არ ვიცი -ვინ წერს ასეთ პასუხებს... ყოფილი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება -რა საფრთხეს უნდა წარმოადგენდეს...?!

სათვისტომოს წარმომადგენელი: მაშინ თხოვნა გვექნება თქვენთან -აღნიშნულ საკითხს ყურადღება მიაქციეთ და პასუხისმგებელ ორგანოებს აღნიშნულზე თქვენი პოზიცია გააცანით.

მეორე, რაზეც პატივი მაქვს ვისაუბრო თქვენთან, ეს არის საქართველოს პარლამენტის მიერ რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების საკითხი. ცნობილია, რომ ამ ქარტიის რატიფიცირების საკითხი ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებშიც დგას დღის წესრიგზე. ამგვარად, მოგიწოდებთ, როგორც ქვეყნის მეთაურს, პრეზიდენტს, რომ მიმართოთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მუშაობა დაიწყონ „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ საკითხის განხილვაზე და შემდგომ უშუალოდ რატიფიცირებაზე.

ყველანი ვხდებით, რომ ამ დოკუმენტის მიღება -გარდაუვალია და შესაბამისად, რაც უფრო მალე დასრულდება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის. „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ აღნიშნულ საკითხში თქვენს მონაწილეობას და ჩართულობას დიდ იმედებს ვუკავშირებთ.

ასევე მსურს ჩვენი შეშფოთება გადმოგცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მუშაობენ უცხოური, წვრილი და მსხვილი კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების სამსახურში აყვანის დროს მათ დისკრიმინაციას აწარმოებენ ეროვნული ნიშნით. კერძოდ ვსაუბრობ ქვეყანაში მომუშავე მსხვილ აზერბაიჯანულ და თურქულ კომპანიებზე. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც უცხოური კომპანიები სამსახურში არ აყვანის დროს ან/და არასათანადო სამუშაო პირობების შექმნით სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაციას აწარმოებდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი -ინფორმირებულია. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ საუბარია კერძო კომპანიებზე, საქართველოში არსებული კანონმდებლობა სახალხო დამცველს უფლებას არ აძლევდა მზგავს საკითხებთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

მოგმართავთ თხოვნით ეს საკითხიც ასევე მოაქციოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყურადღების ქვეშ და უცხოურ ფირმებს უფლება არ მისცეთ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაცია აწარმოონ.

საქართველოს პრეზიდენტი: თქვენი შფოთვა სრულიად გასაგებია. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღეს შესაბამისი რესურსი არ აქვს, რომ მზგავს საკითხებს მიაქციოს ყურადღება, თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ ეს საჭირო რესურსი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს გაუჩნდა.

საქართველოს სახალხო დამცველი: ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ამუშავდა შესაბამისი დეპარტამენტი -თანასწორობის დეპარტამენტი. მანამდე ჩვენ მართლაც არ შეგვეძლო კერძო სტრუქტურებთან მუშაობა და ეს იყო ნამდვილად ხელისშემშლელი ფაქტორი.
სათვისტომოს წარმომადგენელი: და ბოლოს, კიდევ ერთ საკითხზე მივაქცევ თქვენს ყურადღებას. 2015 წელს სომეხთა გენოციდის 100 წლისთავი სრულდება. ჩვენ გვესმის ქართული სახელმწიფოს პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა გვაქვს თხოვნა -საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის ყველა მოქალაქის, მათ შორის ჩვენი პრეზიდენტი, გვერდში დაგვიდგეს და გვაგრძნობინოს რომ საქართველოს ხელისუფლება იზიარებს ჩვენს ტკივილს.

საქართველოს პრეზიდენტი: საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მხარში უდგას ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს და განსაკუთრებული სიფაქიზით ეპყრობა ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის სენტიმენტებსა და გრძნობებს. ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნიკურ ჯგუფს მივცეთ განვითარების ერთნაირი შესაძლებლობა. საზომი ამ საკითხში არიან ქართველები. ანუ ქართველებზე ნაკლები არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობები. გარდა ამისა, ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მთელს რეგიონში. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ყველა მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი ერთმანეთში ძალიან კარგად თანაარსებობენ და კარგად ვითარდებიან. ეს სწორედ იმ ტრადიციებისა და კულტურის ნაწილი და შედეგია, რაც ქართულ კულტურაში არის ჩადებული.

აქედან გამომდინარე ჩვენ დიდი სიფაქიზით მოვეკიდებით ამ გრძნობებს და საკითხებს. ჩვენი მთავარი მიზანია -ჰარმონიულად გავაგრძელოთ თანაარსებობა ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში

armenian-community.ge
| : 0.0/0