ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში საგადასახადო დავების განხილვას აგრძელებს
ნოდარ ხადურმა ახალციხის გადამხდელთა მომსახურების სერვის–ცენტრში სამინისტროს დავების განხილვების საბჭოს სხვა წევრებთან ერთად 10–მდე გადამხდელის საჩივარი განიხილა. ადგილობრივები პასუხს 5 დღეში მიიღებენ. საგადასახადო დავების განხილვა რეგიონებში ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. მის მიზანს, დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შეტანილი საჩივრების განსახილველად დედაქალაქში ჩასვლა აღარ დასჭირდებათ, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. დავების საბჭოს გასვლით სხდომებს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონებიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით მართავს.
| : 0.0/0