რეპრესიული კანონპროექტი
26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტმა „სახელმწიფო ენის შესახებ" კანონზე დაიწყო მუშაობა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კანონის მთავარი დანიშნულება საქართველოში სახელმწიფო ენისთვის (ქართული ენის) დაცვისა და განვითარების გარანტიების შექმნაა. ენის დაცვის მექანიზმები იმ პირთა(ფიზიკური და იურიდიულიც) დაჯარიმებებს ითვალისწინებს, ვინც ვერ შეასრულებს აღნიშნული კანონით დადგენილ მითითებებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი 26 სექტემბერს განხილულ იქნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, თუმცა პარლამენტის ოფიციალურ ვებ-საიტზე 26 სექტემბერს გამართული კომიტეტის სხდომის დამადასტურებელი არანაირი მინიშნებაც კი არ არის განთავსებული, ხოლო კომიტეტის 25 სექტემბრის სხდომის პროტოკოლში „სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტი და შესაბამისად მისი განხილვის საკითხი ნახსენები არ არის.

კანონპროექტის არსებობის დამადასტურებელი ერთადერთი ხსენება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საიტზე მოიძებნება, სადაც კანონპროექტის სამუშაო ვერსიაა განთავსებული.

აკადემიის საიტზე განთავსებულ დოკუმენტთან გაცნობისას დგინდება, რომ აღნიშნულით იგეგმება სახელმწიფო ენის გამოყენების კუთხით მკაცრი კონტროლის წარმოება ქვეყნის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში (მედიიდან და საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დაწყებული- ადგილობრივი, რეგიონალური გამგეობებთ დამთავრებული). თუმცა უშუალოდ კანონპროექტში არაფერია ნახსენები სანქციებზე.

„სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტის დეტალების დასაზუსტებლად საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დავუკავშირდით.

„საქართველოს სომეხთა სათვისტომო"-ს საინფორმაციო ცენტრ „მიუთიუნ"-ის კითხვებს საქართველოს პარლამენტის ზემოხსენებული კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი- ოთარ ბეჟიტაშვილი პასუხობს:

საქართველოს კონსტიტუციაში ქართულ ენას აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი. რით არის განპირობებული 26 სექტემბერს განხილული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა?

- კონსტიტუციაში წერია ზოგადად. ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი კანონი. ეს არ არის ჩვენი ახირება, რომ ენის კანონი უნდა იყოს და მეორე, ენის კანონთან დაკავშირებით ყველა პრობლემა დაფიქსირებულია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში. იქ დეტალურად წერია, რომ ამაზე უნდა იქნეს ენის კანონი, უნდა ჩამოყალიბდეს ენის კომისია, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ორგანო და ა.შ.

აღნიშნული კანონპროექტი თავიდან ბოლომდე წარმოადგენს სახელმწიფო ენის შენახვისა და განვითარების გარანტს.ამავე დროს არასახელმწიფო ენების დაცვის გარანტები არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არის დაფიქსირებული. ხომ არ თვლით, რომ მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია სხვა ენების მიმართ? (ვგულისხმობთ იმ ენებს, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ ქვეყნის მოქალაქეები -სომხური, აზერბაიჯანული ენები)

- რა საჭიროა რომ ეწეროს? საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნაა. არასახელმწიფო ენებთან დაკავშირებით აღნიშნულ კანონპროექტში წერია, რომ სახელმწიფო ზრუნავს, ყურადღებას აქცევს და რაღაცა პროგრამები იქნება და ა.შ. ასე რომ ის, რომ არსად არ არის დაფიქსირებული არასახელმწიფო ენების უფლებები, ზუსტად ამიტომ არის აუცილებელი მივიღოთ კანონი ენის შესახებ, რომ იქ ჩაიწეროს რაღაც–რაღაცები არასახელმწიფო ენებთან დაკავშირებითაც.

იმის შემდეგ, რაც იქნება მიღებული აღნიშნული კანონპროექტი, არის თუ არა მოსალოდნელი „რეგიუნალური ენების შესახებ ევროპული ქარტიის" რატიფიცირება?

- ეს უკვე არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა და ამას მე ვერ გეტყვით. პარლამენტი რატიფიცირებას მოახდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან პრეზიდენტი ან მთავრობა მოაწერს ხელს. ჩვენს კომიტეტში სხვა მსგავს რაიმე კანონპროექტზე ჯერ არ ვმუშაობთ და მომავალში რა მოხდება – არ ვიცი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,კანონი ითვალისწინებს რეპრესიულ ზომებსაც–სანქციებსა და ჯარიმებს იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ კანონის დებულებების სრულყოფილად დაკმაყოფილებას. რამდენად სწორია, რომ სახელმწიფო ენის სწავლის მოტივატორი – დასჯა, ფულადი სანქცია იყოს?

- აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს შეეხება ყველას, ვინც არის საქართველოს მოქალაქე. სანქციები წესდება არა ეროვნულ უმცირესობებზე, არამედ სახელმწიფო მოხელეებზე, თანამდებობის და იურიდიულ პირებზე. დაწესდება სანქციები ცალკეულ მოქალაქეებზე. რაც შეეხება სანქციებს, ეს სანქციები დაწესდება არა ხვალ, არამედ 2015 წლიდან.

როდის იგეგმება აღნიშნული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა და თუ იგეგმება კონსულტაციები ლინგვისტური უმცირესობების წარმომადგენლებთან?

- ჯერ რეგისტრირებულიც არ არის ეს კანონპროექტი. ეს არის სამუშაო ვარიანტი. ჯერ მსგავს დეტალებზე ლაპარაკი– როდის იქნება განხილვა ან გატანილი და მიღებული – ნაადრევია. როცა დერეგისტრირდება, მერე უკვე რეგლამენტის მიხედვით იქნება გატანილი განხილვაზე. კონსულტაციები უკვე იყო და კიდევ იქნება აუცილებლად.
| : 0.0/0