საგანმანათლებლო დაწესებულებათა ნაწილი ზამთრისთვის მზად არ არიან
ახალციხის მასშტაბით, სკოლებსა და ბაღებში ბუნებრივი აირის ან საშეშე მერქნის საშუალებით თბებიან. თუმცა მათი ნაწილი მკაცრი კლიმატური პირობებისთვის მზად არ არიან.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ამ დრომდე გათბობის გარეშე მიმდინარეობს. წელს აქ ახალი სისტემა დამონტაჟდა, რომელიც ბუნებრივი აირის გამოყენებას მოითხოვს. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ პრობლემას მხოლოდ შენობაში გაზის შეყვანა წარმოადგენს. მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე ტენდერია გამოცხადებული. ეკა დალალიშვილი ამბობს, რომ თუ სისიტემის გამართვა დროულად არ მოხდება, კლიმატური პირობების გამკაცრების შემთხვევაში მოსწავლეების დათხოვა მოუწევთ.

შეშის ნაკლებობა ჰქონდა ქალაქ ახალციხის #1 ბაგას, თუმცა გათბობის პრობლემა არ შექმნია. დაწესებულებაში ამბობენ, რომ ყოვლწლიურად მათთვის საწვავი მერქანი ადგილობრივ თვითამმართველობას მიაქვს, თუმცა წელს შეშით უზრუნველყოფა დაგვიანდა, ამიტომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სხვა ბაღები დაეხმარნენ.

ახალციხის მერიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ამბობენ, რომ საბავშვო ბაღებში საწავავის შეტანის თაობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და მასში გამარჯვებულიც გამოვლენილია. დაწესებულების დირექტორი, ნანა ბერიძე განმარტავს, რომ ბაღების მომარაგება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამიტომ როდის დასრულდება პროცესი, უცნობია.
| : 0.0/0