საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების უფლება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეეზღუდავენ
საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, ქვეყნის დატოვების უფლება, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეეზღუდოთ. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში შედის. ინიციატივის მიხედვით, მოქალაქეს საქართველოს დროებით დატოვების უფლებას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარეც არ მისცემენ. საკანონმდებლო ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა უარყოფითად აფასებს. მათი თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ შესაძლოა პრობლემა შეექმნათ არა მხოლოდ საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს, ასევე ქართველ ემიგრანტებსაც. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ბუნდოვანია და გარკვეულ კითხვებს ბადებს. გიორგი ანდღულაძეს მიაჩნია, რომ თუ სახელმწიფოს მსგავსი სახის რეგულაცია სჭირდება კანონპროექტში უნდა დაკონკრეტდეს, თუ ვის მიერ მოხდება აღნიშნული დადგენილების განხორციელება. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნიდან დროებით გასვლაზე უარს ეუბნებოდნენ, მხოლოდ მაშინ, თუ მას სამართალდამცველები ეძებდნენ და ყალბ ან ძალის არ მქონე საბუთებს წარადგენდნენ. იურისტები კი კანონპროექტს დადებთად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩამდენი ქვეყნიდან მარტივად ვეღარ გავა.

„სავარაუდოდ ინიციატივა ძირითადად ამ მიზანს ემსახურება და საქართველოს ამ კანონის მიღება ნამდვილად სჭირდება" – მიაჩნია ადვოკატ გიორგი ზედგინიძეს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი დეპუტატები ირინე იმერლიშვილი და ზურაბ აბაშიძე არიან. განიხილავს თუ არა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ კანონპროექტს ჯერჯერობით უცნობია. 

| : 0.0/0