სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისათვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს
სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისათვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს. იდეას კანონპროექტის სახე აქვს და მასზე პარლამენტი ახლო მომავალში იმსჯელებს. იმ შემთხვევაში თუ კანონი ძალაში შევა საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება სახელმწიფო ენას დაეუფლოს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც განათლება ქათულ ენაზე არ აქვთ მიღებული, სპეციალური გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ცვლილება საჯარო მოხელეებსაც შეეხებათ. ენის ნორმების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებზე სანქციები დაწესდება. დანაშაულის გამეორების ჩადენისას კი ჯარიმა გაორმაგდება.

„თუ ნებით არ ისწავლი რაღაცამ მაინც უნდა დაგავალდებულოს რომ სახელმწიფო ენა იცოდე" –ასე შეაფასა სვეტა არუთუნიანი, ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა ახალი კანონპროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ" და აღნიშნა, რომ ქართული ენის ცოდნა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა. მსგავსად ფიქრობენ ახალცხის მუნიციპალიტეტში მომუშავე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები. გამგებლის მოადგილის, აშოტ მანასიანის აზრით, ეს ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა, თუმცა იმ აზრს, რომ ენის ნორმების დარღვევისათვის მოქალაქე შეიძლება დაჯარიმდეს არ ეთანხმება. მისი თქმით ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა ენა ეტაპობრივად და ძალდაუტანებლად უნდა შეისწავლონ. „სანქციებით ადამიანებზე ზეწოლა მოხდება"–მიაჩნია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს აშოტ მანასიანს. კანონპროექტის ერთ–ერთი მუხლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ენასაც ეხება. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის მასმედიის წარმომადგენლები პირველ ჯერზე 1000–დან 5000 ლარამდე ხოლო განმეორებით შემთხვევაში 10 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. კანონპროექტი ოფიციალურად პარლამენტში რეგისტრირებული არ არის. საკითხის ინიცირება მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოხდა, განათლების საპარლამენტო კომიტეტმა კი მხარი 26 სექტემბერს დაუჭირა. ეს პროექტის სამუშაო ვარიანტია, გაიტანს თუ არა პარლამენტი საკითხს განსახილველად ჯერ–ჯერობით უცნობია.

აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კიდევ უფრო გამძაფრდება სამცხე–ჯავახეთისათვის სომხური, როგორც რეგიონალური ენის სტატუსის მქონე მინიჭების აუცილებლობის საკითხი.

| : 0.0/0