სამცხე–ჯავახეთში მოქმედი ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებეულების რეორგანიზაციის პროცესი შესაძლოა გაჩერდეს.

საქართველოს მთავრობის #416 დადგენილება, რომელიც ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯის გაერთიანებას ისახავს მიზნად, შესაძლოა გაუქმდეს. ორი საგანმანათლებლო დაწესებულების კვლავ დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესახებ საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა დასვა. მისი თქმით, ახალქალაქის კოლეჯი რთულ მდგომარეობაში იმყოფება, იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები მოგვარდეს, აუცილებელია იგი ცალკე სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდეს. მასზე მზრუნველობა კი სახელმწიფომ აიღოს.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანებას 3 ოქტომბერს ხელი ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მოაწერა. ორივე დაწესებულების რექტორი განმარტავს, რომ ცვლილება მათთვის მოულოდნელი იყო და ამის შესახებ მხოლოდ 7 ოქტომბერს შეიტყეს.

ბრძანების მიხედვით ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯი ახალციხის უნივერსიტეტს უნდა შეუერთდეს, მისი რექტორი კი თინა გელაშვილი იქნება. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ახალქალაქის კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. იმისათვის, რომ სასწავლებელი გაუქმებისგან გადაერჩინა სამინისტრომ იგი ახალციხის უნივერსიტეტს შეუერთა. ახალქალქში უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2002 წელს შეიქმნა. იმ დროისათვის იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის სახელით ფუნქციონირებდა. 2007 წელს, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალები გაუქმდა ახალქალაქის სასწავლო დაწესებულებამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება–კოლეჯის სახელწოდება მიიღო. ახალქალქის საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი დირექტორი და ლექტორები აღნიშნავენ, რომ რეორგანიზაციით კოლეჯში არსებული პრობლემები არ მოგვარდება.

საგანმანათლებლო საქმიანობა ორივე დაწესებულებამ დამოუკიდებლად უნდა გააგრძელოს. საქართველოს მთვრობის 416–ე დადგენილების მიხედვით, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების– კოლეჯის რეორგანიზაციის შედეგად, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ჩამოყალიბდეს. როგორც ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი განმარტავს, აღნიშნული დაწესებელებების კვლავ დამოუკიდებლად ფუნქციონირებაზე საუბარი იმ დრომდეა შესაძლებელი, სანამ ისინი ერთიანი სახელით იუსტიციის რეესტრში არ დარეგისტრირდება. მათი რეორგანიზაცია და შემდეგ კვლავ გაყოფა რთული პროცესი იქნება და მას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება. აღნიშნული საკითხი პრობლემას ორივე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუქმნის. 

| : 2.0/1