სავარაუდოდ 26 ივლისს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გადააყენებენ
„მიუცუნი"-ს მიერ, თბილისის ქუჩებში 20 ივლისს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 50 თბილისელიდან მხოლოდ 8 ადამიანმა გვიპასუხა თუ რა ჰქვია თბილისი საკრებულოს თავმჯდომარეს. გაიცანით–ქ.თბილისის საკრებულოს „ჯერ კიდევ" თავმჯდომარე–ზაალ სამადაშვილი.

არსებული კანონმდებლობის თანახმად, საკრებულო–ქალაქის ერთგვარი პარლამენტია, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ფუნქციებს. წლების განმავლობაში, როდესაც ქალაქის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში იყო ჩავარდნილი, საკრებულოს დე–ფაქტო დაკარგული ჰქონდა ის ფუნქციები, რომელიც მას კანონით ეკუთვნის. საკრებულო–„ნაცმოძრაობის" საბუთების დამამტკიცებელი კანცელარიად იქცა. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნომინალური გახდა. მისი დამოკიდებულება ქალაქის მერიისგან იმდენად აშკარა და სამარცხვინოც კი იყო, რომ მაგალითად, როდესაც „საქართველოს სომეხთა სათვისტომო" წერილობით მიმართავდა საკრებულოსა და მის თავმჯდომარეს, სომეხთა გენოციდის მსხვერლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის დადგმის ნებართვის გაცემის საკითხზე, მიმართვა მერიაში იგზავნებოდა, და მას მერიის ადმინისტრაცია პასუხობდა.

რამდენიმე დღის წინ საკრებულომ, რომელიც საერთოდ არ ჩანდა ქალაქის პოლიტიკურ ჰორიზონტზე, ყურადღება  მიიპყრო მის მერე, რაც 19 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე 25 ხმით გადაყენებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები.

მამუკა ახვლედიანის განცხადებით,  „თბილისის საკრებულოში 25-კაციანი შეკრება და რიგგარეშე სხდომის დანიშვნა არალეგიტიმურად მოხდა".  ხოლო, რაც შეეხება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ახვლედიანი მათ გასაჩივრებას თბილისის საქალაქო სასამართლოში გეგმავს. მისივე განმარტებით, „ახალი უმრავლესობის შეკრება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლამ და ძალოვან სტრუქტურებში თანამშრომლების დაკითხვაზე დაბარებამ გამოიწვია".

ამავე დროს 19 ივლისს საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ:

„...ვაცნობიერებთ რა შექმნილ ახალ რეალობას, როდესაც ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაკარგა უმრავლესობა საკრებულოში (და ამის მისაღწევად, რბილად რომ ვთქვათ სხვადასხვა მიუღებელი მეთოდები იქნა გამოყენებული) მიზანშეწინილად მიმაჩნია ამ და სხვა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გაიმართოს ღია კიონსულტაციები ფრაქციებს შორის. გთავაზობთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მოწვეულ იქნას 24 ივლისს, სადაც განიხილება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და კომისიის თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი. ერთკვირიანი კონსულტაციები ფრაქციებს შორის მოგვცემს შესაძლებლობას მივიღოთ შეჯერებული გადაწყვეტილებები. 26 ივლისს რეგლამენტით განსაზღვრულ სხდომაზე კი დადგეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების და პირველი მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარეების არჩევის საკითხი".

სახეზეა ერთი პოლიტიკური ჯგუფის ორი წამყვანი წარმომადგენლის არაკოორდინირებული ნაბიჯები. ერთი საკრებულოს გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს, მეორე კი „შექმნილ ახალ რეალობას".

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება" არ აპირებს საკრებულოს თავმჯდომარის შემოთავაზებით სარგებლობას და მორიგ რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 26 ივლისს არის დანიშნული, სამადაშვილის გადაყენების საკითხს განიხილავს.

„ზაალ სამადაშვილის ნაცვლად, "ქართული ოცნება" გეგმავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის სკამზე ირაკლი შიხიაშვილი დასვას, რომელსაც პოლიციის მაღალჩინოსნები ლობირებენ. შიხიაშვილი ყოფილი ნაციონალია. მან პარტია არჩევნების შემდეგ დატოვა და გამარჯვებულის "ჯამში" ისკუპა".- წერს საინფორმაციო სააგენტო „პრესა.ჯე".

ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც საკრებულოში სამგორის რაიონის საარჩევნო ოლქიდან მოხვდა, ჯერ კიდევ 27 სექტემბერს (არჩევნებამდე) გაემიჯნა  „დედა პარტიას"- „ნაც.მოძრაობას, შესაბამისად რთულია პასუხის გაცემა იმაზე – ე.წ. „მედროვეა"  ბ–ნი ირაკლი, თუ წინდახედული პოლიტიკოსი. ფაქტი ერთია – არჩევნების შემდეგ, მართლაც კი, არაერთმა დეპუტატმა „ისკუპა" მოგებული ბანაკის „ნავში".  სწორედ ე.წ. „მედროვე" დეპუტატები გახდნენ ახალი ხელისუფლების „ნაც.მოძრაობის" წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში მთავარ ინსტრუმენტად – იარაღად.

2012წ. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ  ქ.თბილისი, თავისი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებით  „ნაცმოძრაობის"  ბოლო ბასტიონად გვევლინება. ამ „ბასტიონის" უმნიშვნელოვანესი, საკვანძო ნაწილის – საკრებულოს „დაპყრობას" ახლანდელი ხელისუფლება სავარაუდოდ ზაფხულის ამოწურვამდე გეგმავს.

2013წ. ივლისის მდგომარეობით, 2010-14წწ მოწვევის საკრებულოს  პოლიტიკური „სურათი" შემდეგია:

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა"- 22 წევრი

ფრაქცია „დამოუკიდებელი დემოკრატები"- 3 წევრი

ფრაქცია „ქართული ოცნება- თბილისელები"- 3 წევრი

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"- 6 წევრი

ფრაქცია „თავისუფლება"- 6 წევრი

ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისი"- 3 წევრი

ფრაქცია „დედაქალაქი"- 3 წევრი

დამოუკიდებელი დეპუტატი –  4 დეპუტატი

 

*) ქალაქ თბილისის მოსახლეობა 1 152 500 კაცს შეადგენს. აქედან დაახლოებით 85 000 სომეხი ეროვნების მოქალაქეები ვართ(7 %). დღეს თბილისის სომხებს არ გვყავს ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში არც ერთი წარმომადგენელი. ელემენტარული გათვლით, თუ საკრებულოს წევრთა როადენობა 50 დეპუტატია, აქედან 7 % – 3,5, კარგი, - 3 დეპუტატი სომეხ მოქალაქეებს უნდა წარადგენდეს. საკრებულოს რეგლამენტის თანახმად,ფრაქციის შესაქმნელად საკმარისია რომ მასში საკრებულოს 3 დეპუტატი იყოს გაწევრიანებული. შემდეგი არჩევნები, ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში 2014წ. გაიმართება.


armenian-community.ge

 

| : 0.0/0