სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო თბილისის რომაულ- კათოლიკურ ეკლესიაში
ამა წლის 7 მარტს, რომაულ - კათოლიკური წმიდა ეკლესიის ამიერკავკასიის სამმართველოს თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს საკატედრო ტაძარში, სომხურ სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის სოქართველოს ეპარქიასთან ერთობლივად გაიმართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო.

მოძმე ეკლესიის ეზოში შეკრებილმა მორწმუნეებმა დაათვალიერეს შესასვლელთან ორგანიზებული ფოტოგამოფენა, რომელიც გვიამბობდა დიდი გენოციდის შესახებ.

ხალხმრავალ ეკლესიაში ხსოვნის საღამო დაიწყო „მამაო ჩვენო“-ს ერთიანი ლოცვით. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მიესალმა დამსწრეებს, ისაუბრა დღის საიდუმლოს შესახებ, მოიხსენია საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის და შემდეგ ებრაული ერის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტმოქმედება, დაგმო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის ყველა ტიპის გამოვლინება.

შემდეგ შესრულდა პანაშვიდი და ლოცვა აღავლინეს ოსმალეთის თურქეთის მიერ დასავლეთ სომხეთში განხორციელებული გენოციდის მოწამეთა სულების სიმშვიდისათვის.

საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე, ისტორიკოსი ენოქ თადევოსიანი გამოვიდა სომეხთა გენოციდის შესახებ ვრცელი მოხსენებით. თავისი ნაწარმოები წაიკითხა პოეტესა მარინა მოსესოვა-კირაკოსიანმა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ სომეხ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ გენოციდის შედეგად მოსწყდა სამშობლოს, ჰქონდა საგმირო ბრძოლები და ეყოლა გმირები, რომლებმაც იბრძოლეს ხალხის გადარჩენისათვის. წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა იმ ხალხებსა და ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ სომეხთა მწუხარებას, იმ სახელმწიფოებსა და ერებს, რომლებმაც მიიღეს და თავშესაფარი მისცეს რისვაივაგლახით გადარჩენილ სომხობას. სომეხი ხალხი პასუხისმგებლობას გრძნობს წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის, სომხობა აღორძინდება არცახის განთავისუფლებით და დედა სამშობლოსთან ხელახლა გაერთიანებით, აღორძინნდება სომხეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მისი მიღწევებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საღამოს ორგანიზებისა და მასპინძლობისათვის.

ხსოვნის საღამოზე რომაულ-კათოლიკური და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მგალობელთა გუნდების მიერ შესრულდა სომხური, იტალიური და ქართული სასულიერო სიმღერები.

წამებულთა ხსოვნის საღამოები ჩატარდება ასევე სხვა მოძმე ეკლესიებში.
| : 0.0/0