სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის საპატრიარქოში უმასპინძლა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს.

ეპარქიის წინამძღვარს თან ახლდნენ პოეტი-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი და წინამძღვრის იპოდიაკონი, დიაკვანი გევორგ ანტონიანი.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ სრულიად საქართველოს პატრიარქს გადასცა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ მეორის გულითადი მოკითხვა და კეთილი სურვილები, მიულოცა წმინდა აღდგომის დამდეგი დღესასწაული და უსურვა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.

შეხვედრის დროს დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს წარუდგინეს სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სათვისტომოს პროგრამები და საქართველოს სომეხ მორწმუნეთა სახელით პატრიარქს გადასცეს დიდი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მოთხოვნა- წინადადება.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი ინტერესის საკითხები.

ეპარქიის წინამძღვარმა აღდგომის მომავალ დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქს უბოძა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინიდან ჩამოტანილი წმიდა აღდგომისა და ხარების გამოსახულებით მინიატურები.

მისმა უწმინდესობამ, სომეხთა ეკლესიის საპატივცემულოდ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს და მის თანმხლებ პირებს გადასცა ქართველი ოსტატების ხელით დამზადებული სააღდგომო სიმბოლოები.

ბოლოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მისი კურთხევა გადასცა სომეხ მორწმუნეებს და ძმური მოკითხვა გადასცა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს.

ქართული მხარიდან შეხვედრაზე მონაწილეობდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, პატრიარქის მდივანი მიხეილ ბოტკოველი და "21-ე საუკუნე" არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა გაჩეჩილაძე.

შეხვედრამ ჩაიარა თბილ და ქრისტიანული სიყვარულის ატმოსფეროში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური
| : 0.0/0