ტაბაწყურის მოსახლეობა გასხვისებული ტბის დაბრუნებას ითხოვს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ტაბაწყურის მკვიდრებისთვის, ტბა, შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, თუმცა იგი მეხუთე წელია კერძო მესაკუთრის მმართველობაშია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ, რაც სოფლის რესურსს ვეღარ იყენებენ, მათი ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ტაბაწყურის მაცხოვრებლები ცენტრალური ხელისუფლებისგან ლიცენზიის გაბათილებასა და თევზჭერის ნებართვას მოითხოვენ.

აკრძალვის მიუხედავად, სოფელ ტაბაწყურის ტბაზე ადგილობრივები თევზჭერას მაინც აგრძელებენ. შპს „ტბების“ დირექტორი აცხადებს, რომ თანასოფლელებს ტბის რესურსის თვითნებურად გამოყენება ეკრძალებათ. ალიხა მურადიანის თქმით, ადგილობრივები თევზჭერაზე ნებართვას მთავრობისგან კანონის შესაბამისად იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ დაჭერილი თევზის 50 %–ს მეპატრონეს გადასცემენ.

„თუ უჭირთ, უნდა იმუშავოთ, მაგრამ ამ შეთავაზებაზე არ მოდიან“ – აცხადებს ტბის დირექტორი.

ტაბაწყურში არსებულ მდგომარეობას მძიმე მემკვიდრეობას უწოდებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. თემურ მურღულია ვერ აკონკრეტებს, თუ როგორ შეძლებს სახელმწიფო შექმნილი ვითარებიდან უმტკივნეულო გამოსავლის პოვნას, თუმცა ირწმუნება, რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით პრობლემა უმოკლეს ვადაში მოგვარდება.

ტაბაწყურის ტბაზე ლიცენზია კერძო მფლობელზე 2010 წელს გაიცა. ადგილობრივები ირწმუნებიან რომ ტბის გასხვისება 25 წლის ვადით, ფორმალურ აუქციონზე მოხდა. 5 წლის წინ აღნიშნული ტბით ორი სოფელი ტაბაწყური და მოლითი სარგებლობდა. 400–ზე მეტი ოჯახის შემოსავლის წყარო, ძირითადად, ტბაში დაჭერილი თევზის რეალიზება იყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ზამთარი ცხრა თვის განმავლობაში გრძელდება და თევზჭერის გარდა, სოფლის მეურნეობის სხვა დარგით თავის გატანა შეუძლებელია.
იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდება ტაბაწყურის მკვიდრები სოფლის დატოვებით იმუქრებიან.
| : 0.0/0