ვარხანის მაცხოვრებლები ზამთრისათვის საშეშე მერქნის მომარაგების პრობლემას და ტყეკაფების სიმცირეს უჩივიან. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივებმა პროტესტი მას შემდეგ გამოხატეს, როცა საწვავი შეშით დატვირთული ავტომანქანები შსს–ს სამცხე–ჯავახეთის რაიონულმა სამმართველომ დააკავა. ადგილობრივები სოფელთან ახლოს არსებული ტყეკაფის თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებას და იმ ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვდნენ, რომლებიც ჩამოართვეს. ვარხნელები ამ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ სატყეო უბანზე საკმარისი შეშა არ არის, სადაც არის ის ტყეკაფები კი მიუვალი და დაზიანებულია. სამცხე–ჯავახეთის სამმმართველოს მთავარი მეტყევე განმარტავს, რომ მოსახლეობისათვის იმ რაოდენობის საშეშე მერქანია გამოყოფილი, რაც ზამთრის გასატანად საკმარისია. ტყე კაფის გამოყოფა კი სპეციალისტების მიერ ისეთ ადგილებში ხდება, სადაც ტყის მასივი ამის საშუალებას იძლევა, რაც შეეხება აღნიშნულ პრობლემას დავით კახიშვილი მოსახლეობას მის მოგვარებას დაპირდა.