ადიგენის მუნიციპალიტეტში პარლამენტის წევრს, ბიძინა გუჯაბიძეს ადგილობრივი მოსახლეობა გზის გადაკეტვით ემუქრებოდა.
ხმაური ადიგენში. მუნიციპალიტეტში, პარლამენტის წევრის, ბიძინა გუჯაბიძის გამოჩენამ კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრები ორად გაყო, ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატს კულტურის სახლში შეხვდა, ნაწილი კი პარლამენტარს გზის გადაკეტვით ემუქრებოდა. აქტივისტებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ბიძინა გუჯაბიძე მუნიციპალიტეტში მისვლას აპირებდა, კოალიციის მომხრეებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი ნაწილი გზის გადაკეტვას ცდილობდა და პარლამენტარის მუნიციპალიტეტში შეშვებას არ აპირებდა. ინციდენტის განმუხტვას ადგილობრივი პოლიცია ცდილობდა. აქტივისტების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მათგან ფარულად ბიძინა გუჯაბიძემ მოსახლეობასთან შეხვედრა ადიგენის კულტურის სახლში მაინც მოახერხა და შეკრებილ მოსახლეობას ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და ახალი ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. პარლამენტარმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ძვრები ადიგენის მუნიციპალიტეტსაც შეეხება და აქ სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა და ყველა ის პრობლემა რაც ადიგენში იდგა, დღემდე მოუგვარებელია. მოსახლეობა ამის მიზეზად ადგილობრივ ხელისუფლებაში ისევ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ყოფნას ასახელებს. ადიგენელების ნაწილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს. კულტურის სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ბიძინა გუჯაბიძესთან შეხვედრა ოცნების აქტივისტების ნაწილმა კიდევ სცადა. 20– მდე ადამიანი პარლამენტარს ადიგენის ცენტრში დახვდა და მასთან გასაუბრება მოითხოვა, თუმცა მან ავტომანქანიდან არ გადმოვიდა, რამაც აქტივისტების პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია. მათი შეჩერება ადგილობრივმა პოლიციამ სცადა. სამართალდამცავებმა შეკრებილ აქტივისტებს ბიძინა გუჯაბიძის ავტონმანქანა გაარიდეს. როგორც ქართული ოცნების აქტივისტების ნაწილი ამბობს, ისინი პარლამენტარს, წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდნენ, თუმცა კუთვნილი ხელფასები ამ დრომდე არ აუღიათ. და პარლამენტარს მათი ანაზღაურების გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებენ. ბიძინა გუჯაბიძე ამბობს, რომ კუთვნილი ანაზღაურება ყველა იმ ადამიანმა მიიღო, ვინც წინასაარჩევნოდ ,ქართული ოცნებისთვის" მუშაობდა.