ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მუშაობა განაახლა დეპუტატის ბიურომ, სადაც პარლამენტარი ვაჟა ჩიტაშვილი ამომრჩეველს ხვდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ადგილობრივები სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად მიმართავენ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მათი რჩეული წინასაარჩევნო დანაპირებს შეასრულებს. მაჟორიტარი დეპუტატები ამომრჩეველს იმ რეგლამენტით დადგენილ ვადებში შეხვდებიან, რაც ახალი პარლამენტის დამტკიცების შემდეგ განისაზღვრა. სასესიო კვირის შემდეგ ისინი კომიტეტებში იმუშავებენ და მუნიციპალ იტეტებში გავლენ, სადაც მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი ექნებათ და მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებენ. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ბევრი დაპირება მისცა, რომლის შესრულებაზეც იზრუნებს. მისი თქმით, მმართველ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას რიგ საკითხებთან დაკავშირებით საერთო შეხედულება გააჩნია, რაც მას მუშაობას გაუადვილებს.
ვაჟა ჩიტაშვილის მსგავსად ამომრჩეველთან შეხვედრის კვირა ნაყოფიერად გამოიყენა ასპინძის მაჟორიტარმა ნაციონალური მოძრაობიდან და ფრაქცია რეგიონების თავმჯდომარემ ტარიელ ლონდარიძემ. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაწყებული იყო და რომლის დასრულებასაც ის საკუთარ ამომრჩეველს დაპირდა. ფრაქცია რეგიონების თავმჯდომარე ირწმუნება, რომ უმცირესობაში ყოფნა, ხელს არ შეუშლის მოსახლეობისათვის წინასაარჩევნო პერიოდში მიცემული დაპირებების შესრულებაში. პარლამენტში ხმათა უმრავლესობით მოხვედრილი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მოდუნების უფლება არ აქვთ.