„საქართველოს სომეხთა სათვისტომო" საქართველოს პარლამენტის დეპუტატის - რუსლან პოღოსიანის მიერ 2013წ. 6 მარტს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას მიესალმება, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს, სომეხი ეროვნების მოქალაქეებისა და სამცხე-ჯავახეთის მიმართებაში, ბოლო დროს გახშირებულ განცხადებებში, კორექტულობასა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებს. საქართველოს ძირითადი კანონის - კონსტიტუციის - თანახმად: „საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ" (საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 2, პუნქტი 3), შესაბამისად გაურკვეველია, თუ რატომ ცდილობს დღეს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო წყობილებასთან დაკავშირებული ტერმინების მიმართ საზოგადოებრივი აზრის უარყოფითად განწყობას. მიუღებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გარკვეული შიდა ან გარე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებების უგულველყოფით, რეალობას მოწყვეტილ აბსტრაქტულ საშიშროებებზე საუბრობს, რითაც ქვეყნის სხვადასხვა ეროვნული წარმომავლობის მქონე მოქალაქეებს ერთმანეთს უპირისპირებს და უარყოფით სტერეოტიპებს ნერგავს. აღსანიშნავია, რომ 2003-12წწ განმავლობაში ხელისუფლება ეროვნული უმცირესობების მრავალრიცხოვანი პრობლემების არსებობასაც კი უარყოფდა და ხშირ შემთხვევაში თვითონ ჰქმნიდა და ართულებდა არსებულ ვითარებას „საქართველოს სომეხთა სათვისტომო"