ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 112-მა კარდაკარის რეგისტრატორმა საარჩევნო სიები და საჭირო დოკუმენტაცია დღეს კომისიის წევრებისგან ჩაიბარა. მათ უბნებში ყველა ოჯახისა და ამომრჩევლის შემოვლა დღესვე, საღამოს 6 საათზე დაიწყეს. რეგისტრატორების ძირითადი მოვალეობა ერთიანი საარჩევნო სიების გადამოწმება, შეცდომებისა და პირადი მონაცემების ჩასწორებაა. სამცხე-ჯავახეთში საარჩევნო სიებს კარდაკარ 544 რეგისტრატორი გადაამოწმებს. მათი ანაზღაურება უბნის სიდიდის მიხედვით სხვადასხვაგვარია. თუ საარჩევნო უბანში 500 ამომრჩეველია, სიებს 2 რეგისტრატორი გადაამოწმებს და ერთჯერადი ხელფასის სახით 110 ლარს მიიღებს. ათასი ამომრჩევლის შემთხვევაში თანხა 200 ლარამდე იზრდება. კარდაკარის ყველა რეგისტრატორს, რომლებიც საარჩევნო სიებში შეტანილი ცვლილებების სიზუსტეზე არიან პასუხისმგებელნი, სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ, სადაც სიებთან მუშაობა და ამომრჩეველთან ურთიერთობა ასწავლეს. უბანში ყველა ამომრჩევლის შემოვლისთვის რეგისტრატორებს დრო 10 ივნისამდე აქვთ.