ქართველ და სომეხ ერს შორის მეგობრობის ნიშნად ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მეხუთე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიებას ამავე სკოლების დირექტორებიც დაესწრნენ, როგორც ისინი ამბობენ, მათი სურვილია ეს საღამო ქართველი და სომეხი ხალხის მეგობრობის მაგალითი გახდეს. ღონისძიებაზე მონაწილეებმა ქართული ფილმიდან "მიმინო”, ის ფრაგმენტები აჩვენეს, სადაც ვახტანგ კიკაბიძისა და მისი სომეხი მეგობრის გაცნობა და დამეგობრებაა ასახული. ბავშვებმა პარალელურად სცენაზე ფილმის გმირებიც განასახიერეს, ამას გარდა მონაწილეებმა მაყურებელს, სომხურ ქართული მეგობრობისა და ურთიერთობის ნიშნად, სხვა ნომრებიც წარუდგინეს. მესამე საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელიც ესწრებოდა, გელა დემეტრაძის თქმით ეს იმის მაგალითია თუ როგორ ცხოვრობს ერთ პატარა ქალაქში ორი ეროვნების წარმომადგენელი. მსგავსი ღონისძიებების გამართვას ორგანიზატორები მომავალშიც გეგმავენ.