2012 წლის 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის 97-ე წლისთავს, საქართელოს პარლამენტის წევრმა, ბატონმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტში გამოსვლისას შეეხო საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეებისთვის ყველაზე მტკივნეულ - სომეხთა გენოციდის საკითხს, რასაც საქართველოს პარლამენტის სხვა წევრის, მარნეულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონ აზერ სულეიმანოვის ძალზედ უხეში და უადგილო რეაქცია მოჰყვა.
მარნეულის მაჟორიტარის, პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი რეაქცია შეურაცხმყოფელი იყო არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი უარყოფით კონტექსტში განიხილავდა სომეხთა გენოციდის ფაქტს, არამედ იმის გამოც, რომ მან სომეხი ერის მისამართით საჯაროდ რასისტული განცხადებები გააკეთა. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის", თუმცა რასისტული განცხადებების საჯაროდ კეთება არ შეიძლება განიხილებოდეს პარლამენტარის მიერ განცხადებების კეთების თავისუფლების კონტექსტში. ამგვარი ქმედება უნდა განიხილებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლის კონტექსტში, რომელიც ადგენს, რომ „რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით... ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე".
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა იმავე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „სამწუხაროდ, აზერ სულეიმანოვმა განსხვავებული ეთნიკური ნიშანი დამაკნინებელ, შეურაცხმყოფელ კონტექსტში წარმოაჩინა და ამ კუთხით, ოპონენტის დისკრედიტაციას შეეცადა. შემაშფოთებელია, რომ გამონათქვამების ავტორი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია, რომელსაც მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, გამორჩეული პასუხისმგებლობა აკისრია."
აზერ სულეიმანოვმა, როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დაარღვია აგრეთვე პარტიის წესდების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნაც, რომელიც პარტიის წევრს უკრძალავს კანონსაწინააღმდეგო და პარტიის სახელისა და ღირსების შემლახავი ქმედების ჩადენას. აღსანიშნავია, რომ აზერ სულეიმანოვის მიერ გამოთქმული, სომეხი ერის წინააღმდეგ მიმართული რასისტული განცხადებებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმიჯი მნიშველოვნად ზარალდება როგორც ჩვენი სამშობლოს შიგნით, ასევე მის გარედაც.
საქართელოს პარლამენტის წევრის, მარნეულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის - აზერ სულეიმანოვის მხრიდან, ზნეობრივი ნორმების დარღვევისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდო ჩადენის გამო, საქართველოს სომხური სათვისტომოს 35-მა ორგანიზაციამ დღეს მიმართა:
1. საქართელოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, რათა მან, მისდამი რწმუნებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის აზერ სულეიმანოვის წინააღმდეგ მიიღოს მასზე ნაკისრი უფლებამოსილებით გათვალისწინებული ზომები და განიხილოს მისი პარტიაში წევრობისა და პარტიიდან გარიცხვის მიზანშეწონილების საკითხი.
2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს, რათა მან, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე დააყენოს საკითხი, რომ პარლამენტმა მისცეს თანხმობა მისი წევრის - აზერ სულეიმანოვის წინააღმდეგ განხორციელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების დადგენის მიზნით.
3. საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ მურთაზ ზოდელავას, რათა საქართველოს პროკურატურამ აზერ სულეიმანოვის წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1421 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების დადგენის მიზნით.
საკონტაქტო პირები:
ლევონ ჩიდილიანი: leonnapoleon@mail.ru / +995599197825
ლევონ ისახანიანი: isakhanyan@yahoo.com / +33787630499