"მოგვეცით უფლება, ჩვენც ავსახოთ რეალობა", - ამ პლაკატებით მასმედიის წარმომადგენლებმა, ცესკოს შენობის წინ ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე გადაღების შესაძლებლობა ეზღუდებათ. იურისტები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შეზღუდვის დაწესების შემდეგ, საზოგადოებას ინფორმაციული ვაკუუმი შეექმნება. მათივე განმარტებით, ცესკომ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საარჩევნო კოდექსი დაარღვია. ჟურნალისტები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ. დადგენილება, ცესკომ დღეს გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, ერთი და იმავე მედიის წარმომადგენლებს, ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის პროცესის განმავლობაში, ფოტო ან ვიდეოგადაღება 10 წუთის მანძილზე შეეძლება, შემდეგ ის ვალდებულია, დაიკავოს მისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილი. ცესკოს წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას, ამომრჩეველთა ინტერესით ხსნიან. ცესკოს მიერ ჟურნალისტებისათვის დაწესებული ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვა ახალციხეშიც გააპროტესტეს. მედიის 10–მდე წარმომადგენელმა დღის სამ საათზე 37ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მდუმარე აქცია გამართა.