ახალი მთავრობა, ძველი პროგრამა
26 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადა ნდობა. ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. როგორც ცნობილია -მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტი წარდგენილ „სამთავრობო პროგრამას“ განიხილავს. ანუ -განიხილავს იმ გეგმას, რომლითაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს მთავრობა.

პატივცემული მკითხველის ყურადღებას წარმვუდგენთ 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის იმ მონაკვეთს, რომელიც ეროვნული უმცირესობების მიმართ ხელისუფლების ხედვა-გეგმას ასახავს.

„...ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა. საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ექნება შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში.

განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ეფექტიანობა, გაფართოვდება წვდომა სახელმწიფო ენის პროგრამებზე აკადემიური პროცესის მიღმაც. უზრუნველყოფილი იქნება ქართული ენის მიზნობრივი სწავლება საჯარო სექტორში დასაქმებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის.

კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობებისთვის გაუმჯობესდება ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობა. განათლების სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა განათლების ყველა საფეხურზე. გაუმჯობესდება მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და, შესაბამისად, ეროვნული უმცირესობების ერთიან საინფორმაციო სივრცეში ჩართვა, რაც წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი წინაპირობაა.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის, სახელმწიფოს შესაბამის პროგრამებსა და სერვისებზე მათთვის გასაგებ ენაზე სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით. უზრუნველყოფილი იქნება ეროვნულ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობები, ტოლერანტული გარემოს წახალისება მთლიანად საზოგადოებაში“, -ნათქვამია 2016-20წწ სამთავრობო პროგრამის ტექსტში.

აქ ვე -შედარებისთვის, პატივცემულ მკითხველს ვთავაზობთ უკვე გასული 2012-16წწ. სამთავრობო პროგრამას.

„...გაგრძელდება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურად ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება მათი წარმომადგენლების მონაწილეობით.

სახელმწიფო ხელს შეუწყობს სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს –ყველა მსურველს მიეცემა სახელმწიფო ენის შესწავლის საშუალება. სახელმწიფო აგრეთვე უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლების ხელმისაწვდომობას.

სახელმწიფო ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების კულტურის, ენის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას. ხელი შეეწყობა ქართულ მედიაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პრობლემების, მიღწევების, კულტურისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების რეგულარულად გაშუქებას. ეროვნული უმცირესობების თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, განხორციელდება ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების დაცვა და განვითარება.
სახელმწიფო ხელს შეუწყობს საზოგადოების ცოდნის გაღრმავებას ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ღირებულებების, კულტურის, ისტორიის, რელიგიის შესახებ, აგრეთვე საზოგადოებაში ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის დამკვიდრებას და კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგისა და კავშირების განვითარებას. ხელი შეეწყობა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე მომუშავე ორგანიზაციებს.

შემუშავდება სახელმწიფო პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანი იქნება, ერთი მხრივ, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა და თვითმყოფადობის შენარჩუნება და, მეორე მხვრივ, მათი სრული ინტეგრაცია საქართველოს საზოგადოებაში“, -ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წელს დამტკიცებულ პროგრამაში.

ამ ორი პროგრამის შედარებისას აშკარა ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების წინაშე არსებული პასუხისმგებლობის კუთხით მთავრობის დამოკიდებულება, ერტის მხრივ თითქოს და უცვლელი დარჩა, თუმცა, მეორეს მხრივ -ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებული ვალდებულებების თვალსაზრისით, მთავრობა ვალდებულებების ერთ საკითხამდე დაყვანას ცდილობს -სახელმწიფო ენის სწავლების საკითხამდე.

ამდენი წლის განმავლობაში, რა უშლის სახელმწიფოს საკუთარივე პროგრამები შეასრულოს? როგორ ხდება, რომ ყოველ წელს მთავრობა ერთსა და იგივე ამოცანას აყენებს და ამავე დროს რაიმე ქმედით ნაბიჯს, ამ ამოცანის დასაძლევად, რეალობაში არ დგამს. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ საკითხის არგადაწყვეტით მთავრობა ცდილობს დღის წესრიგიდან უფრე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური საკითხები „მოხსნას“. საკითხები, რომლის გადაჭრის სურვილიც კი მას არ გააჩნია.

armenian-community.ge
| : 0.0/0