მითხარი ვინ არის შენი მეგობარი...?
18-19 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ოკუპირებულ, და შემდგომ მკვიდრი მოსახლეობისგან დაცლილ ნახიჯევანში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების ორმხრივი და სამხრივი შეხვედრები გაიმართა. პატივცემულ მკითხველს, უცვლელად გთავაზობთ იმ მშრალ, ოფიციალურ ინფორმაციას, რაც აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

„სამმხრივ შეხვედრას უკვე დიდი ხანია ვამზადებთ. შარშანაც ამ ინიციატივით ქართული მხარე გამოვიდა. ეს იქნება აზერბაიჯანში სამი მინისტრის პირველი ფორმალური შეხვედრა. მთლიანად ეს შეხვედრები და შემდეგ უკვე შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება მიეძღვნება იმ დაგეგმარებას, რომელსაც სამი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები შეუდგება, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიტიკულ ვითარებებში ჩვენი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა, ჩვენი ნავთობსადენების, გაზსადენების, რკინიგზის კომუნიკაციების დაცვა იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება სამხედრო ესკალაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხის დარეგულირებაზე. არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი ეს არ არის. პირიქით, ამგვარი შეთანხმებები კიდევ დამატებით საფუძველს და საყრდენს ქმნის რეგიონალური სტაბილურობის,“ -ოკუპირებულ ნახიჯევანში გამგზავრებამდე განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ოკუპირებულ ნახიჯევანში ვიზიტის პირველ დღეს ქართულ დელეგაციას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრს საპატიო ყარაული დახვდა. შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნები. მიღების ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის და თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა“, -ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„19 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ალასანიამ, ზაკირ ჰასანოვმა და ისმეთ ილმაზმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების გზებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს დაეთმო. მინისტრებმა, ასევე აღნიშნეს, რომ გაღრმავებული თანამშრომლობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისკენ იქნება მიმართული“, -ნათქვამია სახელმწიფო უწყების განცხადებაში.
სამმხრივ ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ნახიჩევანში, აზერბაიჯანში და საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობას საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან -თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ერთობლივ დაცვასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. ეს თემა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასთან და კეთილდღეობასთან. საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი კარგი მეზობლები და სტრატეგიული პარტნიორები ყავს თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ და ერთად დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენი განვითარების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას რეგიონში. ყველამ უნდა დაინახოს, რომ თანამშრომლობა მიმართულია უსაფრთხოების გაძლიერებისკენ, ეკონომიკური წინსვლისაკენ და ემყარება ეროვნულ ინტერსებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

იმისათვის, რომ ქართველ მკითხველს, და არა მარტო ქართველს, უფრო მეტი წარმოდგენა შეექმნეს იმის შესახებ, თუ ვისთან ერთად აპირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი „რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას“ და რეალურად რას წარმოადგენს აზერბაიჯანის ჯარი და ზოგადად აზერბაიჯანული პოლიტიკა წარმოგიდგენთ შემდეგ ფაქტებს:

2004 წლის იანვარ-თებერვალში ნატო-ს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში ბუდაპეშტში იმართებოდა სამხედროთა სწავლება, რომელშიც გარდა სხვა მონაწილეებისა მონაწილეობდნენ ასევე აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის სამხედროები. 19 თებერვალს, (05:00-ზე, გამთენიისას) აზერბაიჯანული ჯარის ლეიტენანტმა რამილ საფაროვმა, შეიპარა ოთახში, სადაც სომეხ ოფიცერ გურგენ მარქარიანს ეძინა და მძინარე ოფიცერი ნაჯახით მოკლა. 2006 წელს უნგრულმა სასამართლომ რამილ საფაროვს სამუდამო პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, 2012 წელს, აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით, განხორციელდა მძინარე ოფიცრის მკვლელის ექსტრადირება აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში ექსტრადირების თანავე, იმავე დღეს, ილხამ ალიევმა საფაროვის ამნისტირების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. მეორე ბრძანებით ლეიტენანტ საფაროვს მაიორის წოდება მიენიჭა. აზერბაიჯანის სახელმწიფოს სახელით მას საჩუქრად ბინა, უნგრულ ციხეში 8 წლის განმავლობაში გატარებულ პერიოდზე ხელფასი და აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

2014 წლის 7 აგვისტოს აზერბაიჯანთან მოსაზღვრე სომხურ სოფელ ჩინარიდან აზრბაიჯანელი დივერსანტების მიერ გატაცებული იყო ადგილობრივი მაცხოვრებელი ფსიქიკურად ავადმყოფი 32 წლის კარენ პეტროსიანი. გატაცებიდან ერთ დღეში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა შემდეგი: „8 აგვისტოს, გულის შეტევით გარდაიცვალა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შემოჭრილი და დაკავებული სომეხი დივერსანტი კარენ პეტროსიანი“. გავრცელებულ განცხადებას თან მოყვებოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, რომელიც ასახავდა სომეხი გლეხის დაკითხვის პროცედურას. გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი სომეხი გლეხის მიმართ აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ წამება იყო განხორციელებული. კარენ პეტროსიანის ცხედარი სომხეთში დღემდე არ არის ჩამოსვენებული, რაც ნათლად ცხადყოფს იმაზე, რომ მისი სიკვდილი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში მიყენებული წამების და არა აუეცარი გულის შეტევის შედეგია.

ამგვარად კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ გაითვალისწინოს, რომ მისი აზერბაიჯანელი „პარტნიორი“ სიმამაცეს მხოლოდ და მხოლოდ უძლურის წინააღმდეგ იჩენს ხოლმე. ნაჯახით მძინარე ოფიცრის და ფსიქიკურად ავადმყოფი გლეხის წამებით მკვლელობის ფაქტებს აზერბაიჯანელი ჯარის, და ზოგადად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვაჟკაცურ საქციელად ვერავინ დაარქმევს.

აქვე შევახსენებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნებაზე ზრუნავს, რომ 2014 წლის ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უპრეცენდენტო მასშტაბის დივერსიები მოაწყო როგორც მთიანი ყარაბახი-აზერბაიჯანის, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის რამდენიმე მიმართულებით. აზერბაიჯანულ დივერსიებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მკვეთრი პასუხი მოჰყვა, რომელმაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აიძულა კვლავ დაბრუნებულ იყვნენ საკუთარ პოზიციებზე და 1994 წელს დადებული „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულება შეენარჩუნებინათ. 2014 წლის ივლისი-აგვისოს პერიოდში განხორციელებული დივერსიები აზერბაიჯანულ მხარეს ძვირად დაუჯდა. მოკლულია 51 აზერბაიჯანელი, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 100 უახლოვდება. სომხური მხარის დანაკარგი 6 მოკვლულ და 7 დაჭრილ ჯარისკაცს შეადგენს.
| : 0.0/0