სომხურენოვანი სკოლის დეოპტიმიზაცია
"სრული გარანტია არსებობს იმისა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში
სახელმწიფოს მხრიდან არც ერთი ვალდებულება არ დარჩება შეუსრულებელი”
(საქართველოს პალამენტის თავმჯდომარე- დავით უსუფაშვილი 2013წ. 1 აგვისტო)

ნეხევარ წელიწადზე მეტი გავიდა იმ მომენტიდან, რაც „საქართველოს სომეხთა სატვისტომო"-მ მეტრომშენის უბანში მდებარე სომხურენოვანი სკოლის აღდგენის თხოვნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.
„2004-12წწ.პერიოდში ქ.თბილისში ერთი მეორეს მიყოლებით იხურებოდა სომხურენოვანი სკოლები, ხოლო ქვეყნის მასშტაბით სომხურენოვან სკოლებს ფუნქციონირების მრავალი პრობლემა ექმნებოდათ. არსებული ვითარება სომეხთა სატვისტომოს მწუხარებასა და აღშფოთებას იწვევს, რადგან სომხურენოვანი სკოლა ჩვენი თვითმყოფადობის ერთ–ერთი მთავარი გარანტია. ეს პროცესი (სომხურენოვანი სკოლების დახურვა) იყო ინიცირებული წინა ხელისუფლების მიერ და ხორციელდებოდა სხვადასხვა გზებით: რეორგანიზაციისა და მასწავლებლების სკოლიდან დათხოვნით ან საგანმანათლებლო დაწესებულების პირდაპირი დახურვით.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, ახალი ხელისუფლება, უარს იტყვით წინა ხელისუფლების დისკრიმინაციულ ქმედებებზე და განიხილავთ არაქართულენოვანი სკოლების დახურვის პრობლემატიკას, როგორც ეს აღნიშნულია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში და შეესაბამება ცივილიზებულ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის ძირითადი უფლებები დაცულია."– ნათქვამია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" განათლების მინისტრ, გიორგი მარგველაშვილის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში, დათარიღებული 2012წ. 3 დეკემბერს.

მიმართვის პარალელურად (2012წ, 5 დეკემბერი), სამინისტროს ასევე მეტრომშენის სომხურენოვანი სკოლიდან დათხოვნილმა (№ 103 საჯარო სკოლაში ასებული სომხურენოვანი სექტორი) მასწავლებლებმაც მიმართეს: „გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა– შეისწავლოთჩვენი სამსახურიდან დათხოვნის საქმე. გააუქმოთ ჩვენი დათხოვნის არაკანონიერი ბრძანებები და სამსახურში აღგვადგინოთ. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ხელისუფლება არ დარჩება გულგრილი წინა ხელისუფლების მიერ დისკრიმინირებული და დაჩაგრული მოქალაქეების მიმართ და აღადგენს კანონიერებასა და სამართლიანობას". მიმართვას სომხურენოვანი სკოლის 5 დათხოვნილი მასწავლებელი აწერს ხელს.

აღნიშნული მიმართვების შემდეგსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „საქართველოს სომეხთა სათვისტომო"-ს წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. თითოეულ ამ შეხვედრაზე სათვისტომოს წარმომადგენლები სამინისტროს „არწმუნებდნენ" მეტრომშენის დასახლებაში სომხურენოვანი სკოლის აღდგენის, დეოპტიმიზაციის აუცილებლობაში. ძალისხმევამ თითქოს შედეგი გამოიღო. სამინისტრო სათვისტომოს შეჰპირდა მეტრომშენის სომხურენოვანი სკოლის აღდგენასა და დეოპტიმიზაციას, აგრეთვე ამ საკითხის შესაბამის კომისიაში განხილვას.

ამ დაპირების გაცემის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა სკოლა ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. მეტიც, შენობა, რომელშიც ადრე ფუნქციონირებდა № 110–ე საჯარო სკოლა, გადაცემულია ლტოლვილთა და განსახლების საკითხების სამინისტროს ბალანსზე. ივლისში სკოლის შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ სექტემბრის მიწურულს დასრულდება. ყოფილი სომხურენოვანი სკოლის შენობაში ლტოლვილთა 60 ოჯახის შესახლება იგეგმება.

„სამინისტროში შეიქმნა დეოპტიმიზაციის კომისია, რომელიც სწავლობს ოპტიმიზირებული სკოლების დეოპტიმიზაციის მიზანშეწონილობას. ამ კომისიაში განცხადებები არის დაახლოებით 200-ზე მეტი. სამინისტრო თითოეულ ასეთ განცხადებას ძალიან სკრუპულოზულად სწავლობს, რაც თავისთავად დროს მოითხოვს. მე როგორც ვიცი, ამ სკოლასთან დაკავშირებით წინსვლა არის. მოკვლეულია მთელი რიგი საკითხები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს, ვინაიდან დასაზუსტებელია ჯერ კიდევ რაღაც ნიუანსები, რის საფუძველზეც შემდგომში მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება – აღდგება თუ არა სკოლა. ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში სამინისტრო, არგუმენტირებულად დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას. "-„მიუთიუნ"-თან საუბარში 2 აგვისტოს განაცხადა განათლების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა– ლევან ქებურიამ.

„შემდეგ კვირას დანიშნულია კომისიის სხდომა, რომელზეც სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული საკითხის შესახებ"– მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილის, ლია გიგაურის კომენტარს გადმოგვცემს მისი თანაშემწე.  

მორიგი „შემდეგი კვირა" 5-11 აგვისტოს პერიოდს ემთხვევა, და უკვე დაწყებულია. ეღირსებიან თუ არა მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრები სომხები სკოლის აღდგენას?

armenian-community.ge

| : 5.0/1