ახალციხეში H1N1 ვირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში Aტიპის ვირუსის, იგივე H1N1–ის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა: აქედან 2– სოფელ სვირში, ხოლო ერთი – ახალციხეში. სამივე შემთხვევა ბავშვთა კონტიგენტში გამოვლინდა. „გასულ კვირებთან შედარებით გრიპთან დაკავშირებით მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა ეს არ არის ეპიდემიის წინა პერიოდი და პანიკის საფუძველი არ არსებობს." – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორი ფატი ხაბულიანი. მედიკოსების განმარტებით, Aტიპის ვირუსი გრიპის ანალოგიური სიმპტომებით ხასიათდება. კერძოდ, პაციენტს აღენიშნება მაღალი სიცხე, თავის, ყელის, სახსრების ტკივილი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდებს 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ერთი დღის, ხოლო მოზრდილებს სამი დღის განმავლობაში აღენიშნებათ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმებს. მედიკოსების რჩევით, H1N1ვირუსით დაავადებული ადამიანები ფართო საზოგადოებისგან იზოლირებულები უნდა იყვნენ. მათ უნდა მიიღონ ბევრი სითხე, ფეხმძიმეებმა ატარონ ნიღაბი. დაიბანონ ხელები ხშირად. ასევე, აუცილებელია ოთახების ხშირი განიავება. პროფილაქტიკის მიზნით A ტიპის ვირუსზე ვაქცინაცია სასურველია შემოდგომაზე ჩატარდეს. მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, რომ გრიპის შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართონ.  
| : 0.0/0