გარემოს დაცვის მინისტრი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლი ბორჯომში იმყოფებოდნენ. გოგა ხაჩიძე და ინიტა პაულოვიჩა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და საგანმანმანათლებლო კამპანიის „სუფთა გარემო"–ს ფარგლებში კონკურსი გამართეს. ღონისძიებას 4 სკოლის 200–მდე მოსწავლე დაესწრო. კონკურსში გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ. აღნიშნული ღონისძიება ბორჯომში გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პრექტის ფარგლებში გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, მათ მიზანს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურად ჩართვა წარმოადგენს. „ჩვენი მიზანია დავიცვათ გარემო. აქ სწორედ ამ მიზნით ვიმყოფებით. გარემო იწყება თითოეული ჩვენგანით. დღევანდელი დღე ძირითადად ეძღვნებოდა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ყველა ასაკში, განსაკუთრებით კი ბავშვებში" – აღნიშნა ინიტა პაულოვიჩამ. გარემოს დაცვის დღე ივნისში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები საქართველოშიც აქტიურად იმართება.