„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
ახალციხის სოფლებში პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების მინაძის, ჭაჭარაქისა და ღრელის მოსახლეობას შეხვდა. ვაჟა ჩიტაშვილმა ადგილობრივებს მმართველი პარტიის სამოქმედო პროგრამა გააცნო და სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინა. ჭაჭარაქისა და მინაძის მაცხოვრებლებმა ნომერ პირველად სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა დაასახელეს. მოსახლეობა იმ ხელისუფლებისგან რომელსაც ნდობას გამოუცხადებს, სოფლისათვის ყურადღების მიქცევას ითხოვს.ჭაჭარაქისა და მინაძის შემდეგ ვაჟა ჩიტაშვილმა შეხვედრა სოფელ ღრელში გამართა. ადგილობრივებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანა და შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ითხოვეს. რაც შეეხება სარწყავ წყალს აღნიშნული პრობლემა ღრელშიც აქტუალურია. კანდიდატის განმარტებით, სოფლებში არსებულ პრობლემებს ის კარგად იცნობს და მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში მათ მოგვარებას დაპირდა.