გარი დავთიანის სახლისაკენ მიმავალი გზა დაიწყო კეთილი თოჯინებით...
საღამო, რომელიც 2 თებერვალს გაიმართა სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, მიეძღვნა თბილისური უნიკალური კოლორიტის შენარჩუნების დიდოსტატის, მშვენიერისა და კეთილის მქადაგებლის გარი დავთიანის ხსოვნას. საღამოს ესწრებოდნენ მისი ხელოვნების თაყვანისმცემლები და დავთიანების უმშვენიერესი ოჯახის წევრები.
ხსოვნის საღამოს ინიციატორი გახლდათ საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირი, „ჰაიარტუნ" კულტურის ცემტრის მხარდაჭერით. ავლაბარში მდებარე გარი დავთიანის თოჯინების თეატრსა და საერთოდ დიდი ოსტატის მოღვაწეობაზე ისაუბრა სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ რუბენ თოროსიანმა. დიდი ოსტატის შექმნილი თოჯინები და მათი შექმნილი თბილისური კოლორიტი დღესაც შენარჩუნებულია მისი ოჯახის წყალობით.
გარი დავთიანის შექმნილი თოჯინების თეატრი ის ჯადოსნური სამყაროა, სადაც ცხოვრობენ კეთილი, გულუბრყვილო "ადამიანები", ვის გარემოცვაშიც ბედნიერი იყო გარი და სურდა ამ კეთილის მაგალითით ადამიანებში სიკეთის და სიყვარულის შთაგობნება. ოსტატის ქვრივმა - ქალბატონმა ჟანა დავთიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა საღამოს ორგანიზატორებს და დასძინა, რომ ამ ღონისძიებით სათავეს იღებს გარი დავთიანის შექმნილი ავლაბრის თოჯინების თეატრის მე -20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია.
გარი დავთიანის მონაწილეობით გადაღებული ფილმის - "სახლი, სადაც ზღაპრები იბადება" ოპერატორმა ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილმა დამსწრეებს მოუთხრო მამასთან - უდროოდ გარდაცვლილ რეჟისორ გარი კუნცევთან, გადაღების მძიმე დღეებისა და სამუშაოების შესახებ, რომლის შედეგი გარი დავთიანისადმი მიძღვნილი ეს მშვენიერი ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს აქვს ინტერნიუსისა და მოსკოვის კინოფესტივალის ჯილდოები, ფართო აუდიტორიის წინაშე ის პირველად იქნება ნაჩვენები.
ფილმის ყურების შემდეგ ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დავთიანი სიყვარულის, სიკეთის და მშვენიერის მეხოტბე იყო. მისი შექმნილი კეთილი თოჯინებითაც დაიწყო დავთიანების სახლისაკენ მიმავალი გზა.