ბორჯომში, ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურნირი სახელწოდებით „ახალციხის სტუდენტური თასი" გაიმართა. მასში მონაწილეობა ახალცხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 8 გუნდმა მიიღო. თავდაპირველად სტუდენტები შეჯიბრის წესებს გაეცვნენ და საცდელი დაშვება განახორციელეს. ფირნიშამდე მისაღწევად მონაწილეებს ერთკილომეტრიანი მონაკვეთი უნდა გადაეცურათ. ჩემპიონატი ბორჯომში საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. ეს პირველი ტურნირი იყო, რომელიც მხოლოდ სტუდენტებს შორის გაიმართა. ჯომარდობის ორგანიზატორების განმარტებით, აღნიშნული ტურნირის მთავარ მიზანს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება წარმოადგენს, ტურნირში მონაწილე გუნდებიდან, ახალციხის სტუდენტური თასის მფლობელი მხოლოდ ერთი მათგანი გახდა. მასში მონაწილეობას 60 სტუდენტი იღებდა. გამარჯვებული გუნდი რაჭის ჯომარდობის ტურნირზე გაემგზავრება. მათი ხარჯები ორგანიზატორების მიერ ანაზღაურდება.