2013 წლის 14 ივნისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის ორგანიზებით სომხური სათვისტომოს ახალგაზრდა წარმომადგენლები ეწვივნენ თბილისის სინაგოგასა და მეჩეთს. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს სომეხი ახალგაზრდების მიერ საქართველოს ისტორიისა და ისეთი მონოთეისტური რელიგიების ტრადიციების გაცნობა, როგორიცაა იუდაიზმი და ისლამი. ახალგაზრდებს უძღვებოდნენ „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის სულიერი მართველი დიაკვანი გევორგ ანტონიანი, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მრჩეველი ლევონ ისახანიანი და „ჰაიარტუნ" ცენტრის ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი.
სინაგოგაში სომეხ ახალგაზრდებს დახვდა ებრაული სათვისტომოს რაბინი ავიმელეხ როზენბლატი, რომელმაც წარმოადგინა სინაგოგის არქიტექტურა და ინტერიერის გაფორმება, რომელსაც მოჰყვა საუბარი ებრაელი ხალხის რელიგიის, მისი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ.
სინაგოგაში ვიზიტის შემდეგ ახალგაზრდები ეწვივნენ სომხურ ეკლესიას - ნორაშენს, რომელიც სინაგოგის მახლობლად მდებარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სომხური ეკლესიის აღსადგენად.
დღის მეორე ნახევარში სომხური სათვისტომოს ახალგაზრდა წარმომადგენლები ეწვივნენ მეჩეთს, სადაც მათ შეხვდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ვაგიფ აკპეროვი. შეიხმა ვაგიფმა სომეხ ახალგაზრდებს გააცნო შიიტ მუსლიმთა ისტორია და ტრადიციები, თბილისში ისლამური სათვისტომოს ისტორია, ასევე მეჩეთის არქიტექტურა და ინტერიერის გაფორმება.